“2018 წელს, მე და მარიამი ინდოეთში ვიყავით, კლინიკური დეპრესია მქონდა, მარიამი გამომყვა.
მეგობრებმა გვირჩიეს აიურვედას პანსიონი. ინდოელების მკურნალობის ფილოსოფია დგას ასკეტურ ცხოვრებაზე და პაციენტის მაქსიმალურად გაყვანაზე კომფორტის ზონიდან.
გართმევენ ყველაფერს: ტელეფონს, კავშირს გარესამყაროსთან.
ჩვენი მასპინძლები და ჩემი ექიმები მარწმუნებდნენ, თუ ადამიანი კომფორტის ზონიდან არ გავა, ვერც საკუთარ თავს იპოვის და მით უფრო, ვერც სიმშვიდესო.
მე არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა მოსამართლე (რადგან მონის დაძახება კანონით აგვიკრძალეს, სახელით მივმართავ) დავით მაკარაძეს, მისი მიზანი ჩემი დათრგუნვა უფრო იყო, ვიდრე ის რა შედეგიც მიიღო, მაგრამ არაფერს დავუახლოებივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებთან ისე, როგორც ამ სივრცემ და გარემომ დამაახლოვა. ბატონო დავით, არ გამოგივიდათ! მე ძალიან კარგად ვარ, იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენ ჩემთან ეს რაუნდი წააგეთ.
არაფერი ჩემს თავს ისეთი არ ხდება, რაც ყველა ჩვენს თანამებრძოლს უკვე არ გაუვლია. 19, 20, 21 წლის ახალგაზრდები ციხის მეორე და მესამე წრეზე მიდიან.
სიმართლე გითხრათ? ის შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა – ხელშეუხებლობის, ახლა ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
ქოცებო, სასტიკად ბანძები ხართ, მაგრამ ამჯერად მადლობა, რომ უხერხულობის შეგრძნება აღარ მაქვს.
რა დამანახა ამ დღეებმა?
სისტემაში ყველა ერთნაირი არაა. მოსამართლე და ბრალის წარმდგენი პოლიციელები კი ასრულებენ ყველაფერს ზედმიწევნით, სამაგიეროდ, ადამიანები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები, ადამიანები დამხვდნენ მცხეთის იზოლატორში და სწორია, რომ ამას ვხედავდეთ და ვეუბნებოდეთ.
ქოცებმა კუნთები მანახეს და ისე მეცინება. სინამდვილეში, ძალიან მოწყენილი ვიყავი და ოდნავ პასიურიც, გილოცავთ ქოცებო, თქვენ მოიგეთ დასვენებული ნანუკა, ახალი ენერგიით!
ჩემთვის პატივია, რომ სწორედ იმ დროს დამაკავეს, როცა სტუდენტი გოგოები ლექციებიდან გამოიყვანეს და ბორკილები დაადეს.
ჩემთვის პატივია, რომ მათ საქართველოს და მათ ბრძოლის ველს წარმოვადგენ.
ამ კედლებშიც შემოაღწია თქვენმა სოლიდარობამ და სიყვარულმა და უახლოეს მომავალში თუ რამე, კარგის გაკეთებას მოვახერხებ, მხოლოდ თქვენი სიყვარულის დამსახურება იქნება.
ჩემი ლექტორი, ნოდარ ტაბიძე ამბობდა, პატიმრების მდგომარეობას პატიმრებზე უკეთ ვერავინ გაიგებსო. ამიტომაც, განსაკუთრებული მადლობა მზია ამაღლობელს სიმტკიცისთვის, ელენეს, სინდისის ყველა პატიმარს, 4 ოქტომბრის პატიმრებს, ყველა პოლიტიკოსს რომელიც დაკავებულია და მადლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს!
თქვენი ნანუკა,
მცხეთის იზოლატორი,
საკანი N4
მარიამ, საბა, ძალიან მიყვარხართ!” – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გავრცელებულ წერილში, რომელსაც მისი შვილი, მარიამ გეგუჩაძე ავრცელებს




