ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ „ფეისბუკ“ სტატუსის გამო, მას არა „ქართული ოცნების“ დეპუტატები თეა წულუკიანი და მარიამ ლაშხი, არამედ მამუკა მდინარაძე უჩივის.
როგორც მან აღნიშნა, პროცესზე წარადგინეს მტკიცებულებები, სადაც მათ შორის პარლამენტში დეპუტატობის დროს, მიხეილ ყაველაშვილის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია ასახული.
„დღეს გავარკვიეთ ძალიან საინტერესო გარემოება. აღმოჩნდა, რომ თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის მაგივრად, გვიჩივლა მამუკა მდინარაძემ. სარჩელი შეუტანია მამუკა მდინარაძეს. ანუ მამუკა მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ სტატუსი, რომელიც მე მეწერა „დურა“ და ბატის ემოცია, ეს იყო შეურაცხმყოფელი. მარიამ ლაშხს და თეა წულუკიანს თურმე არ უჩივლია. მამუკა მდინარაძეა მომჩივანი. რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ წულუკიანისა და ლაშხის დაკითხვა, იმიტომ, რომ იქნებ ისინი თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობენ და იქნებ მამუკას ტყვეობაში არიან?! რა თქმა უნდა, ამ შენობაში არ არსებობს მოსამართლე, რომელიც მათ აქ დაბარებას გადაწყვეტს და გაბედავს. საინტერესოა, რომ ჩვენი მტკიცებულებებიც წარადგინეს, საქმეს დაურთეს. ჩვენი მტკიცებულებები იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გამოთქმული უწმაწური სიტყვები, მაშინ, როცა ისინი პარლამენტში იყვნენ, ლეგიტიმური როცა იყო პარლამენტი, მაშინ პარლამენტის წევრის და დღეს პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილით დაწყებული, დამთავრებული დიმიტრი სამხარაძით. ჩვენ გვინდოდა მათთვის გვეჩვენებინა სიტყვის თავისუფლება როგორ ესმით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გვიჩივიან. ასევე, წარვადგინეთ 2019 წელს თეა წულუკიანის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ „შეურაცხყოფა ვერ გახდება დასჯადი, უწმაწური სიტყვა ვერ გახდება დასჯადი, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა ციხეში უნდა წავიდეთ“. მაშინ ის იუსტიციის მინისტრი იყო. 13 ივნისს, 12:00 საათზე, განახლდება პროცესი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.