ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს – ის უწყებაში მისვლას გეგმავს

საქველმოქმედო ფონდ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საბოტაჟის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჟორჟოლიანი წერს, ის პროკურატურაში ხვალ, 16:30 საათზეა დაბარებული. ტელეწამყვანი უწყებაში მისვლას გეგმავს.
„პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე დამიბარეს საბოტაჟის თემაზე – ხვალ, 16:30 [საათზე]. რა თქმა უნდა, მივალ იმ უწყებაში [პროკურატურაში], სადაც მორალური უპირატესობა მე მაქვს, რადგან ამ შენობაში, ამ ხალხმა იუფროსა ადამიანი, რომელმაც კარიერა ბოტასების ქურდობით დაიწყო, შემდეგ ბიუჯეტის ფულები, „ქოლცენტრები“, ქუჩის გარჩევები და ბოლოს, „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობის შეკვეთით დაასრულა.
ამ უწყებაში იუფროსეს კაცი, რომელმაც რუსული გვარი მიიღო, მოსკოვში გაიქცა და „კანონიერი ქურდის“, კალას დაცვით დადის. ხვალ მხიარული დღე მექნება”, – წერს ჟორჟოლიანი.