ნანა ფრიდონაშვილი: საბჭოთა დიქტატურის დროს, ამ შეკითხვის დასმა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მეორე კურსელმა გიორგი შალუტაშვილმა გაბედა

“გიორგი შალუტაშვილი ჩემი საამაყო მეგობარია. ერთხელ, მეგობრობის სადღეგრძელოს რომ ამბობდა, ასეთი რამ მითხრა: შენი, როგორც ჩემი მეგობრის, მე მეშინია. ძალიან გავხალისდი, კიდევ კარგი, ერთი ადამიანი მაინც შევაშინე მეთქი. გიორგიმ, ჩემ “ღლიცინს” ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო: ნებისმიერი ჩემი საქციელის, ქმედების, სიტყვის თქმის დროს, სულ ვფიქრობ, შენ და სხვა, ჩვენი მეგობრები, როგორ შეაფასებენ ამას. მყისიერად გავიტრუნე და მივხვდი, გიორგისა და ჩვენი მეგობრების მიმართ, ნებისმიერი ჩემი საქციელის დროს, ზუსტად იგივე განცდა მაქვს. სულ ხომ გვახსოვს, ვისი შვილი, ვისი ცოლი ან ქმარი, ვისი და ან ძმა ხარ, ასევე მუდამ გვახსოვს, ვისი მეგობარი ხარ და ეს არის ის შიში, რომელიც შენში “თვითცენზორის”დიდ როლს თამაშობს-ისეთს, ხომ არაფერს ჩავდივარ, რაც ამ, ჩვენთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებს არ შეეფერებათ. სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე, უკვე ორმოც წელზე მეტია, მე და გიორგი ვმეგობრობთ და ერთმანეთის გვეშინია. ვმეგობრობთ ოჯახებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მისი არაჩვეულებრივი მეუღლე ნინო (ჩვენი ლულუ) და ქალიშვილი, ჩემი საყვარელი ელენე კი არა, გიორგის ცხონებული მშობლებიდან დაწყებული, მისი დეიდაშვილ-ბიძაშვილებით დასრულებული, ყველა _ ძვირფასი და საპატივცემულო ადამიანი იყო, არის და იქნება ჩემთვის. გიორგი შალუტაშვილი ღირსეულ ოჯახში აღზრდილი ღირსეული კაცია. მე რომ ვიცნობ და ვიცი, როგორი ერთგული, მართლაც რომ პატრიოტი (უკვე გაცვეთილი ცნება), უკიდეგანოდ განათლებული, პროფესიისთვის თავგადადებული, სტუდენტებისათვის თავგანწირული, მართალი, წესიერი, სიმართლის მთქმელი და ერთი სიტყვით, ღირსეული ადამიანია, კი ბატონო, შეგიძლიათ სუბიექტურობაში ჩამითვალოთ, მაგრამ ვისაც, თუნდაც ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონია მასთან, ისინიც ასეთ კაცად იცნობენ გიორგი შალუტაშვილს. ის ადამიანები, დღეს რომ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ გიორგის მიმართ, ისინიც საუკეთესოდ იცნობენ მას. ადამიანი, თუ გინდა მოკლა, ის უნდა დააბრალო, რაც არასდროს უთქვამს და გაუფიქრია კი არა, სიზმარშიც არ უნახავს. მაშ, რატომ, რისთვის იმეტებენ გიორგის სასიკვდილოდ?! იქნებ იმიტომ, რომ თავად ვერასდროს იქნებიან გიორგისნაირი ერთგულნი, ქვეყნის მოყვარულნი, განათლებულნი, თეატრისათვის თავდადებულნი, სტუდენტებისათვის თავგანწირულნი, ოჯახისა და მეგობრებისათვის სამაგალითონი. ისინი, ვინც გიორგის კარგად იცნობენ და ფაქტობრივად, გიორგის თანატოლნი არიან, დღეს გულზე მჯიღს რომ იცემენ, თურმე მხოლოდ ისინი არიან პატრიოტები, ვერაფრით გავიხსენე (შესაშური მეხსიერება მაქვს), იმ ავბედითი, საბჭოთა, მართლაც დიქტატურის პერიოდში, სად იყვნენ, როდესაც გიორგი შალუტაშვილი საბჭოთა რეჟიმს ებრძოდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. “თვითმფრინავის ბიჭების” ტრაგედია რომ მოხდა, მეორე ან მესამე კურსელები ვიყავით. დიდი, პარტიულ-კომკავშირული კრება ჩატარდა თეატრალურში. რექტორიდან დაწყებული, პროფესორ-პედაგოგებისა (ღმერთმა შეუნდოთ და ნათელში ამყოფოთ, ცუდი დრო ოყო) “მოწინავე” სტუდენტებით დამთავრებული _ ყველამ დაგმო გალანძღა, მიწასთან გაასწორა “თვითმფრინავის ბიჭები”. ამ ტრაგედიაში, გიორგი შალუტაშვილიც ფაქტობრივად, დაზარალებული იყო. გიორგის საკუთარი ბიძაშვილი ეკა შალუტაშვილი, მეგობრისგან მოტყუებული, ამ თვითმფრინავში აღმოჩნდა და თვითმფრინავის დაჯდომისთანავე, ტრაპის სიმაღლიდან გადმოხტა. პარტიულ-კომკავშირული კრება რომ ტარდებოდა თეატრალურში, დალეწილი, ფიზიკურად და სულიერად ტრამვირებული ეკა შალუტაშვილი საავადმყოფოში იწვა. აი, იმ კრებაზე მხოლოდ გიორგი შალუტაშვილი მახსოვს, რომელიც გამოვიდა და თქვა, ტრაგედიაა, რაც მოხდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედია ის არის, რომ მიწასთან ვასწორებთ ამ ახალგაზრდებს და არ ვსვამთ შეკითხვას და არ გვსურს გავაანალიზოთ, თუ რატომ გარბოდნენ ეს ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან, საბჭოთა კავშირიდან. საბჭოთა დიქტატურის დროს, ამ შეკითხვის დასმა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მეორე კურსელმა გიორგი შალუტაშვილმა გაბედა. ამას, რაც მოჰყვა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. შალუტაშვილს დააბრალო ის, რომ მან ქვეყნის სიყვარული არ იცის და სტუდენტის ბედი არ ადარდებს, ეს შუბლში დამიზნებული ტყვიაა. პირველ ადგილზე, ყოველთვის სტუდენტი, მისი მოწაფე, მისი შვილობილი, მისი პატარა მეგობარია გიორგისათვის და შემდეგ _ ოჯახი, ნათესავები, მეგობრები. მისი სპექტაკლების და სტუდენტების საერთაშორისო დონეზე წარმატება და გამარჯვება, გიორგის, მისი სტუდენტებისა და არტისტების გამარჯვება იყო ჩემთვის, გიორგისათვის კი _ ქვეყნის გამარჯვების ტოლფასი. ამიტომ არის გიორგი ჩემზე და ჩემნაირებზე უფრო დიდი პატრიოტი. სადღეგრძოლოდან მოსმენილს კი არ ვამბობ, რასაც ამდენი წლის განმავლობაში საკუთარი თვალით ვხედავ და საკუთარი ყურით ვისმენ, იმას ვამბობ. ყველაფერი დალაგდება. ყველაფერს და ყველას, საკუთარი სახელი დაერქმევა. უსამართლოდ გასროლილი სიტყვა მის მთქმელს დაუბრუნდება. ახლა, ვინც გიორგის მიმართულებით ტალახს ისვრის, ისევ თავად უბრუნდება და გიორგის, ამ ტალახის უმცირესი ნაწილაკიც არ მოხვდება. წარმატება და გამარჯვება ჩემ საამაყო მეგობარს, გიორგი შალუტაშვილს,” – წერს სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე, ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი.