“ღია წერილი თეატრალურის იურისტს, ნათია გოგიჩაიშვილს:
ძვირფასო ნათია,
ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყე თეატრალურში მუშაობა. შენი კანდიდატურისადმი ჩემი ყურადღება მიიქცია სხვა კანდიდატებისგან პიროვნულმა გამორჩეულობამ და ტესტურ დავალებაშიც სხვებზე მეტი სწორი პასუხი გქონდა. ეს ამბავი იმიტომ მახსოვს, რომ შენი წინამორბედი, თეატრალურის ყოფილი იურისტი ვარ და შენი რეკრუტინგის პროცესის 90%-მა ჩემს კისერზე გადაიარა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შენსა და კიდევ ერთ კანდიდატს შორის არჩევანის მიღებისას მე, ჩემი ორივე თანაშემწიანად, ბოლომდე ვიბრძოდი, რომ შენ აერჩიე უნივერსიტეტს, მიუხედავად იმ ძალიან ბევრი მიზეზისა, რის გამოც შეუფერებელი ჩანდი მათთვის. მე დაგიცავი წინასახელშეკრულებო დისკრიმინაციისგან და დღეს, აგერ ერთი წელია, იურისტი ხარ.
სიმბოლურია, რომ ამ ერთი წლის თავზე, შენმა იურიდიულმა ლოგიკამ, მსოფლმხედველობამ და რაც მთავარია, მორალმა, ჩემი აზრით, გიმტყუნა. შენ მოაწერე ხელი იმ, პირდაპირი მნიშვნელობით, ლეტალურ იურიდიულ დოკუმენტს, რომლითაც სტუდენტებს, არა თუ ირიბად აეკრძალა პროტესტის განხორციელება, არამედ გული აუცრუა უნივერსიტეტზე.
ნათია, შენ კარგად იცი სტატუსის შეწყვეტის ყველა იურიდიული საფუძველი. იცი, რომ შეწყვეტა უკიდურესი სამართლებრივი ფორმაა. მე შენგან ვითხოვ აგვიხსნა, რა პროცედურები განხორციელდა იმისათვის, რომ აქამდე მოსასვლელად მაქსიმალურად აგერიდებინათ თავი.
რატომ უნდა აგერიდებინათ?
იმიტომ, რომ უნივერსიტეტი არის სტუდენტების და არა იმ ადამიანების, რომლებიც იქ მუშაობენ და დროებით იკავებენ კონკრეტულ სკამს. სტუდენტების გარეშე უნივერსიტეტი არის შენობა, რომელსაც ხვალ თუ გინდათ სასტუმროდ გადააკეთებთ. თქვენ სტუდენტებზე მორგებული პირობები უნდა შეიმუშავოთ, მათ უნდა ასწავლოთ და მათ უნდა მისცეთ მაგალითი წესრიგის და სამართლიანობის, რომელიც ესოდენ გიჭირთ ბოლო თვეებია.
ამ დიდებულ მოცემულობებს კი ვერ მიაღწევთ მათთან თითის ქნევით საუბრით, ჯიბრში ჩადგომით, მათი საუბრის დაიგნორებით.
ნათია,
მე შენთან არ მაქვს პრეტენზია რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი მიკუთვნებულობაზე. მე მხოლოდ და მხოლოდ წმინდად სამართლებრივად გესაუბრები და მინდა, როგორც კოლეგა-კოლეგას, ისე გთხოვო:
მაშინ, როცა უნივერსიტეტის სტუდენტები გაასაჩივრებენ ამ ოქმს, დაფიქრდი, მინიმუმ მორალურად და შემდგომ, კიდევ ერთხელ, კარგად წაიკითხე კანონები. დაფიქრდი იმაზე, თუ რა მოხდება ამ დოკუმენტის დამტკიცებით. დაფიქრდი შენს მომავალზეც, რადგან დღეს თუ კაბინეტი გაქვს, ხვალ არავინ იცის რა მოხდება.
ურჩიე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს საკითხი ყველა მხრიდან დაინახონ, რათა კარგად შეაფასონ ყველაფერი.
შენ ხარ ვალდებული უნივერსიტეტის სწორ და კონსტრუქციულ განვითარებაზე, შენ ხარ კანონის პირველი დამცველი უნივერსიტეტში, შენ უნდა იყო მაგალითი თანასწორობის, პროპორციულობის და სამართლიანობის.
შეიძლება, გულუბრყვილოდაც, მაგრამ მაინც, მჯერა, რომ ერთი წლის წინ შენი კანდიდატურა ტყუილად არ დავიცავი,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი იურისტი ნანა ერაძე.