“ათის ნახევარზე მივედით, როცა მაგიდების გაშლა იწყებოდა და ჯერ ბევრი ხალხი არ იყო. უცებ დავიბენი, იმდენი უცხოელი დამხვდა, ძირითადად ახალგაზრდები, ბევრს ჰქონდა ხელში ფეიერვერკი ან ფეხებში აგდებდა ასაფეთქებელს.
ჯერ მაგიდების დაწყობაში ჩავერთეთ, მერე დაცვაში – ზემოდან ახტებოდნენ ეს გაუგებრობაში მოხვედრილი ახალგაზრდები და რამდენიმე მაგიდა დაიმტვრა.
თავიდან ძალიან შემეშინდა – აქციებზე ყოველთვის ყურადღებით ვართ პროვოკატორების მიმართ და აქ ვერც წარმოვიდგინე, როგორ უნდა მივმხდარიყავით, ვინ რას გააკეთებდა. მერე დავყევი ჩემ კვადრატს : სადაც დავინახავდი, რომ ფეხებში ისროდნენ, ვაფრთხილებდი, რომ საშიშია, აკრძალულია და პოლიცია მოვა; ვისაც ხელში ფეიერვერკი ეჭირა ან ისროდა, იმათ წმინდა გიორგისკენ ვუშვებდი, იქაა სასროლი ადგილი-მეთქი. პოლიცია თავისთვის დაყიალობდა, უფუნქციოდ. არადა, მართლა საშიშად და უმისამართოდ ისროდნენ, დახრილი კუთხით და ამ პროცესში ერთმანეთს უღებდნენ. როცა მეკითხებოდნენ, სელებრეიშენი აქ იქნებაო, ვუხსნიდი, რომ საშობაო სოფელში ჩასულიყვნენ.
ბოლოს მიშამ გამომათრია მეტროდან პარლამენტისკენ, დაიწყო ახალი წელი და მთელ ქვეყანას შენ ვერ დააწყობო პარლამენტიდან უკვე ჭყლეტა იწყებოდა.
უბრალოდ, მაინტერესებს, ეს უნივერსიტეტები უცხოელ სტუდენტებს არ ესაუბრებით? არ აუხსენით, რომ პროტესტი იგეგმებოდა იმ ტერიტორიაზე და შეიძლება გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ? ან ამდენი ასაფეთქებელი და ფეიერვერკი საიდან აღმოჩნდა ამ ახალგაზრდების ხელში? ან პოლიცია რატომ არ ეუბნებოდა, ჰაერში ისროლეთ, დახრილად სროლა საშიშია ხეების, შენობების და განათებების გამოო?
ღამის 3 სთზე წამოვედით, ვეღარ ვქაჩავდით მეტს და დილით ნერვიულობით ვეცი ტელეფონს, რამე ინციდენტი ხომ არ მომხდარა-მეთქი. წარმოუდგენელია, რომ ორასი ათას ადამიანზე მეტი შეიკრიბა, ჭამა, იმღერა, იცეკვა, ალკოჰოლიც დალია, პოლიცია თავისთვის უმოქმედოდ იდგა კუთხეებში, იყო ამდენი უცხოელი, იქნებოდნენ პროვოკატორებიც და საერთოდ არაფერი არ მომხდარა. ბოლოს კი ამ ხალხმა ყველაფერი თვითონ დაალაგა. ასეთი რამე არსად არ მახსოვს – რამდენ ამერიკულ ქალაქში შევხვედრილვარ ახალ წელს ქუჩაში, მექსიკაშიც, ტაილანდშიც, ვყოფილვარ ბევრ ფესტივალზე – ყველგან პოლიცია და მუნიციპალური სამსახური აქტიურად არის ჩართული ხალხის რეგულირებაში და დალაგებაში.
ძალიან კარგი საზოგადოება გავზრდილვართ. ახლა უნდა გადავარჩინოთ ეს საზოგადოება და როცა ბრძოლის ნაცვლად საქმეზე მივმართავთ ამ ენერგიას, გაცილებით უკეთეს განათლებას, ტექნოლოგიებს, ქალაქებს და სოფლებს შევქმნით,” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.