“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რუსულენოვან პოდკასტებს და საინფორმაციო არხებს პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჩავუჯექი. რასაც მანამდე მხოლოდ ადეკვატური ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ, უკვე რუსი ჩინოვნიკების, ბიზნესმენების, ბანკირების პირიდან ისმის.
სრული სურათი ჯერ არ მაქვს, მაგრამ რა სფეროებშიც ჩავიხედე, ასე ჩანს – სანქციებმა, ომის დანახარჯებმა და კორუფციამ საბოლოოდ მოიყარა თავი საკვანძო წერტილებში და რუსული ეკონომიკის ჩამოშლა დაიწყო.
ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაწყებულა შფოთვა – ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიების კრიზისი სოფლის მეურნეობის კრიზისმა გააგრძელა. ამას წამოეწია ურესურსო რეგიონების გაღატაკება და ახლა უკვე გაზ და ნავთომომპოვებელ რეგიონებსაც ეზრდებათ ბიუჯეტის დეფიციტი. მოსკოვი არავის ეხმარება, იქეთ მიაქვს ფული – ომისთვის. ჭკვიანი ადამიანური რესურსის ნაწილი გაიქცა, ნაწილი ომში დაიღუპა ან დაიჭრა, ამიტომ კვალიფიციური მუშახელი არ ჰყოფნით. ლოთობა ისედაც ყოველთვის პრობლემა იყო რუსეთში.
სანქციების დასაწყისში რომ ტრაბახობდნენ, ყველაფერს საკუთარს შევქმნითო, აღმოჩნდა, რომ ვერაფერსაც ვერ ქმნიან – აქეთ კორუფცია უშლით ხელს, იქეთ თანამშრომლობების შეწყვეტა და არასაკმარისი ცოდნა. რუსული პროდუქცია ვერც ხარისხით და ვერც ფასით კონკურენციას ვერ უწევს ჩინურს – პუტინთან შეხვედრაზე ბიზნესმენებმა ხარისხზე არა, მაგრამ ფასის პრობლემაზე ისაუბრეს. იმავე დროს, აზიურ ბაზრებზე შესვლაც კი უჭირთ. თურმე სტრატეგიული პარტნიორი – ჩინეთიც კი ბლოკავს რუსული პროდუქტის შეტანას, პუტინთანაც წუწუნებდნენ ამაზე ბიზნესმენები. ზოგი მათგანი ითხოვდა, რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს იმპორტი ისე, რომ ქვეყნის შიგნით მაინც ძირითადი საქონელი რუსული იყოს.
ინფლაცია იზრდება, ხელფასები არა. აყვავებული რუსეთის მოლოდინში გატანილ სესხებს ხალხი ვეღარ იხდის და ახლა უკვე ბანკებიც ალაპარაკდნენ მოსალოდნელ კრიზისზე. ცხადია, პუტინი ჯერ არაფერს არ აღიარებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ “ეკონომიკის გაგრილება” უკვე ჩინოვნიკების ტექსტებშიც თამამად ისმის.
მე არ მყოფნის ეკონომიკის ცოდნა, რომ უფრო დიდი სურათი დავინახო. კარგი იქნება, ეკონომისტებმა ილაპარაკონ ამ ყველაფერზე. იმაზეც, თუ ჩვენზე რა გავლენას იქონიებს რუსეთის ეკონომიკის რყევები.
რა დასკვნებსაც ვაკეთებ ათობით გადაცემის მოსმენიდან – ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ხვალვე ჩამოიქცევა. ასე არასდროს ხდება და ჩამოქცევაზე არცაა საუბარი. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უკვე ეკონომიკურ კრიზისის დასაწყისს ვეღარ მალავენ, რის მიღწევასაც 3 წელი დასჭირდა. თუმცა მოსკოვში ნაკლებად ჩანს, რეგიონებშია მწვავე სიტუაცია. ამხელა სახელმწიფოს ეკონომიკური კრიზისი ძალიან რთულად სამართავი და დაძლევადია, თუ გარე წნეხი შენარჩუნდება. ამბობენ, რომ შიგნიდანაც სულ უფრო იზრდება ბიზნესმენების მოთხოვნა, შეწყდეს ომი, იმიტომ რომ ვერცერთი ექსპერტი ვერ სახავს გზას, როგორ უნდა აღდგეს რუსეთის ეკონომიკა, თუ უკრაინასთან ომს გააგრძელებს.
უბრალოდ ჩვენ რატომ ავეკიდეთ ამ ნახევარმკვდარს, ან რისი იმედი აქვს ქოცნებას? იქნებ არც ელოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და თავადაც სჯერათ რუსეთის უნიკალურობის და უძლეველობის. რესურსებით მდიდარ ქვეყანას თუ ასე დაემართა, ჩვენს ეკონომიკას რას უზამს იზოლაცია?
მოკლედ, ეკონომისტებო – გველაპარაკეთ, აგვიხსენით პროფესიონალურად.
მე კი გავაგრძელებ სიხარულს, რომ სანქციები მუშაობს. არც ისე სწრაფად, როგორც გვჭირდება, მაგრამ მუშაობს. რუს ბიზნესმენებს ვერც ქონების დამალვას ასწავლის ვინმე და ვერც კრიპტოვალუტის გამოყენებას, ამიტომ მჯერა – ქოცნებაზეც ასევე იმუშავებს. უბედურება ისაა, რომ ჩვენი საწყალი ეკონომიკაც მიიჭყლიტება ამ ამბავში.