ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში

„საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია:
ჯერ ერთი, ჭარბწონიანობას სპორტი არ შველის, სანამ ჯანსაღ კვებაზე სრულფასოვანი წვდომა არ იქნება უზრუნველყოფილი და ეს სკოლიდან უნდა დაიწყოს. სკოლაში ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე უკვე რამდენი წელია, ყვირიან ექსპერტები და სადაა?
მეორეც, სპორტის მასწავლებელი რას უშველის სკოლას, რომელსაც სპორტული მოედნები და ინვენტარი არ აქვს? ან სკოლას, სადაც ბავშვები მეორე და მესამე ცვლაში არიან და სპორტის გაკვეთილები ფაქტობრივად გაუქმებულია?
მესამე – ახლა ჩავხედე და შარშან სპორტის უნივერსიტეტს 175 სტუდენტი მიუღია, შარშანწინ – 255 და რა ნგრევაზეა საუბარი, არაა ეს ხალხი საკმარისი?
მეოთხე – საქართველოში დაავადებების გამოწვევის მთავარი პრობლემა ჭარბწონიანობა კი არა, განადგურებული ჰაერი, წყალი და ნიადაგია – უკონტროლო პესტიციდებით და ჰერბიციდებით, შეუმოწმებელი ტყვიის შემცველობის მიწებით, სოფლებში ნაგავსაყრელებით, და ქალაქებში – სრულიად მოუწესრიგებელი მშენებლობებით, როცა ძალიან მავნე ნივთიერებებს პირდაპირ ვყლაპავთ ქუჩაში გავლისას. ვინ ზრუნავს ამ პრობლემებზე?
მეხუთე – დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ?
სააკაშვილმა უშუქო, უწყლო ქვეყანა ჩაიბარა, სადაც კრიმინალი ისე თარეშობდა, რომ საღამოს უბანში გასვლის გეშინოდა, სადაც ქუჩაში ქურთუკს და ფეხსაცმელს გხდიდნენ, მეტროში ჩანთას გიჭრიდნენ და საყურეს გგლეჯდნენ, სადაც მანქანის სარკე სახლში აჰქონდა მფლობელს. და ორ წელიწადში ეს ჯოჯოხეთი სახელმწიფოს დაამგვანა.
თქვენ 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში, როცა სპორტსმენები ყრია საქართველოში? ინფრასტრუქტურაო – უბნებში სათამაშო მოედნებიც წინა ხელისუფლებამ აღადგინა და თქვენ ყველაფერს კორპუსები დაადგით თავზე – ვინ მოშალა ინფრასტრუქტურა? ლაგუნა ვერე ვინ მოკლა?
შეუძლებელია ამათი ტყუილების ატანა.