ნანა დიხამინჯია: ამ პრობლემებზე საუბარი ოფიციალურმა პირებმა გაბედეს მხოლოდ წელს. მაგრამ პირდაპირ ომის შეწყვეტას ვერ მოსთხოვენ პუტინს. ამიტომ ყველა მიადგა ცენტრალურ ბანკს და …

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია:
ფული ხო ძალიან გაუჭირდა რუსეთს. უკვე 7-10% აქვს ბიუჯეტის დეფიციტი და ამბობენ, რომ წლის ბოლომდე 15-20%-ზე ავა. კი, რეზერვებიც საკმაოდ აქვს (ნახევარი გაყინულია უცხოეთში), მაგრამ რეზერვები არ ეხმარება ეკონომიკის გამაგრებაში. რამდენიმე მიმართულებით არის პრობლემები:
1. სოფლის მეურნეობა საგრძნობლად ჩავარდა წელს – არასწორი დაგეგმვის, ტექნოლოგიური ჩამორჩენის, კორუფციის და მუშახელის ნაკლებობის გამო.
2. სამხედრო ხარჯებზე მიდის ყველა ფული, თან საშინელი კორუფცია რომ აქვთ, უბრალოდ კი არ ხარჯავენ, ღირებულებაზე ბევრად მეტს ჭამენ. ანუ რაღაც სამხედრო ნივთი ასი რუბლი თუ უნდა ჯდებოდეს, ჯდება ათასი.
3. ვერ ქმნიან ღირებულ რუსულ პროდუქციას და რასაც ქმნიან, მომგებიანად ვერ ყიდიან. ყბადაღებული “იმპორტოჩანაცვლება”, რაშიც სახელმწიფომ დიდი ფული დახარჯა, მაკდონალსდის ალტერნატივას “ვკუსნო ი ტოჩკას” ვერ გაცდა. ადგილობრივი ტანსაცმლის ბრენდი შექმნეს 450 მაღაზიით და ეგეც გაკოტრდა. ასევე კოტრდება სოფლის მეურნეობის მანქანების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 1929 წელს შეიქმნა. პუტინთან შეხვედრაზე ბიზნესმენი წუწუნებდა, რომ ვერ ყიდიან სამედიცინო აპარატურას – ჩინეთი ბაზარს არ ხსნის, სხვა დიდი ბაზრები დაკეტილია სანქციების გამო და პატარა ბაზრებზე და შემოვლითი გზებით რასაც ახერხებენ, მომგებიანი არაა. ასევე პუტინთან შეხვედრაზე მეორე ბიზნესმენი წუწუნებდა, ჩვენ შესაფუთ მასალებს შიდა ბაზარზეც ვერ ვყიდით და იმპორტს დაადეთ შეზღუდვებიო.
4. დაგროვდა გასაყიდი გაზი და ქვანახშირი. კორუფციის გამო ძვირი ჯდება ბუნებრივი რესურსების მოპოვება და შესაბამისად, ბაზარზეც ძვირია და ცუდად იყიდება. დამატებითი ინფორმაციაც მომაწოდეს: კორუფციაზე მეტად ტექნოლოგიური ჩამორჩენა და დეპოპულაციის გამო ლოგისტიკური პრობლემები ზრდის მოპოვების ფასს.
5. ფული რომ შემცირდა, გააძვირეს კომუნალური მომსახურება. ფედერალურ დონეზე + ცალკე რეგიონებმა. ზოგ რეგიონში გაძვირება 40%-ს აღწევს. მოსახლეობა წუწუნებს.
6. ფული რომ შემცირდა, დაიწყეს კომპანიების კონფისკაცია, რასაც ეძახიან ნაციონალიზაციას. ნაციონალიზაცია არ არის, იმიტომ რომ კომპენსაციას არავინ უხდის. უბრალოდ ართმევენ კომპანიას კორუფციის ან მითვისების ბრალდებით და ხშირად მფლობელს ციხეში სვამენ. თავიდან შედარებით პატარა კომპანიებით დაუწყიათ, წელს გადავიდნენ მსხვილ კომპანიებზე. მაგალითად, ახლა 5 კომპანია დგას რიგში – ერთერთია “იუჟურალზოლოტო”, რომლის მფლობელი კონსტანტინე სტრუკოვი ჩელიაბინსკის ოლქის დეპუტატი და ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, ს ყველაზე მდიდარი საჯარო მოხელე და რუსეთის უმდიდრეს 100 ადამიანში შედის. პუტინის ისეთი მხარდამჭერია, რომ ბევრმა ქვეყანამ დაასანქცირა. სამაგიეროდ, ჩელიაბინსკში უყვარდათ – ეკლესიებს აშენებდა, საქველმოქმედო ფონდები ჰქონდა. წინა თვეში “იუჟურალზოლოტოს”, რომელმაც შარშან 10 ტონა ოქრო მოიპოვა, მითვისება გადაწყვიტა სახელმწიფომ სტრუკოვის სხვა კომპანიებთან ერთად. აქციონერებსაც დაუყადაღეს აქციები. სტრუკოვი საკუთარი თვითმფრინავით გარბოდა, მაგრამ დააპატიმრეს და ოჯახსაც აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა. სხვათაშორის, აქტივების ნაწილი ქალიშვილზე ჰქონია გაფორმებული, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა – არ უშველა.
7. კვალიფიციური მუშახელი სერიოზული პრობლემაა. მილიონამდე ყოჩაღი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან 2022 წლის შემდეგ. მილიონზე მეტი ახალგაზრდა ომმა მოკლა ან შრომიუუნარო გახადა. იმის გამო, რომ ძირითადი რესურსები სამხედრო წარმოებაზე მიდის, რომელსაც ქვეყნისთვის არანაირი მოგება არ მოაქვს. ლოთობა და უსაქმურობა ისედაც პრობლემა იყო რუსეთში. ცდილობენ, შედარებით იაფი მუშახელი შემოიყვანონ სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად ვიეტნამიდან, მაგრამ თურმე კანონით მუშა ვალდებულია, ჩააბაროს რუსული ენა. ვერ აბარებენ და მიჰყავთ უკან. ახლა შეიტანეს ინიციატივა ამ კანონის გაუქმების შესახებ.
8. ამ პრობლემებზე საუბარი ოფიციალურმა პირებმა გაბედეს მხოლოდ წელს. ბოლო თვეა, უკვე თამამად საუბრობენ. მაგრამ პირდაპირ ომის შეწყვეტას ვერ მოსთხოვენ პუტინს. ამიტომ ყველა მიადგა ცენტრალურ ბანკს და მის ხელმძღვანელს ნაბიულინას – ფული ძალიან ძვირია და დააკელი პროცენტებსო. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ნაბიულინას მსხვერპლად შეწირვის დრო დადგა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში შიმშილობა დგება. რა ფაქტებიც არსებობს, იმას ვწერ, რაც ეკონომიკის დასუსტებაზე მეტყველებს. არც საბჭოთა კავშირში დამდგარა შიმშილობა უცებ. გორბაჩოვმა რეფორმები რომ გამოაცხადა და შემდეგ პერესტროიკა, იქიდან 4-5 წელი დასჭირდა საბჭოთა კავშირის დანგრევას და ზოგმა რესპუბლიკამ ინერციით მაინც გააგრძელა არსებობა. მაგრამ რაც უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ – რუსეთის განვითარება ათწლეულებით დახია უკან ამ ომმა. წელს და მომავალ წელს უარეს ამბებს უნდა ველოდოთ.
საინტერესო ისაა, რომ ოლიგარქის ფავორიტი ბიზნესმენების და ჩინოვნიკების მიმართ მსგავსი პროცესები დაიწყო ჩვენთანაც. ნაბიულინაზე რომ ვკითხულობდი, მაშინვე თურნავა დამიდგა თვალწინ. მოვა მისი დროც?