ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ “საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამა და სლოგანი წარადგინა: “ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ”.
წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მათ ამომრჩეველს პროგრამა წარუდგინეს, რომელიც სოციალურ ეკონომიკურ, დემოკრატია და კანონის უზენაესობის,საგარეო და უსაფრთხოების, მშვიდობის პოლიტიკის მიმართულებებს მოიცავს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყოფილი პრემიერის საარჩევნო პროგრამა ასე გამოიყურება:
· “კანონით დადგინდება მინიმალური ხელფასი 950 ლარი თვეში;
· დროებით უმუშევრად დარჩენილი პირი 6 თვის განმავლობაში ხელფასის 60%-ს მიიღებს;
· სოციალურად დაუცველების, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერისთვის ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი დაიხარჯება;
· სახელმწიფო დასაქმებულ ახალგაზრდებს დამატებით 950 ლარს გადაუხდის;
· ავამოქმედებთ ჩვენს დაწყებულ, ახლა კი გაჩერებულ პროექტს, უფასო კვება საჯარო სკოლებში;
· რეგიონებში გავზრდით პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობას;
· ავაშენებთ საერთო სტუდენტუ საცხოვრებლებს დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის;
· პენსია პირველ წელს 200 ლარით გაიზრდება, ყოველ მომდევნო წელს 100 ალრით;
· სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობა პირველ წელს 200 ლარით, ყოველ მომდევნო წელს 100 ლარით გაიზრდება;
· სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებში ოჯახში მესამე და ყოველი მომდევნო ბავშვი სასკოლო ასაკამდე ყოველთვიურად მიიღებს 500 ლარს;
· დევნილებისთვის სოციალურ გასაცემელს გავზრდით 150 ლარამდე;
· 2028 წელს საქართველოს ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იქნება გაზით, სასმელი წყლითა და სწრაფი ინტერნეტით;
· შევქმნით გამართულ სამაშველო სისტემას, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე პროფესიონალი მაშველებით;
· გაფართოვდება თბილისის მეტრო, დაემატება 15 ახალი მეტროსადგური დიდი დიღმის, გლდანის, ლილოს დასახლებისა და საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით;
· რუსთავი თბილისს დაუკავშირდება მიწისზედა მეტროს საშუალებით;
· თბილისში მტკვრის სანაპიროზე აშენდება 4 ახალი ხიდი;
· აშენდება ავტობანი ენგურამდე;
· ინფლაცია გაკონტროლდება არამხოლოდ საპროცენტო განაკვეთებით, არამედ, სხვა საშუალებებით, რაც შეამცირებს საბანკო სესხების პროცენტს. მონოპოლიებთან ბრძოლით შემცირდება ხელოვნურად გაბერილი ფასები მედიკამენტებზე, სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე;
· განვითარების ბანკი შექმნის მეწარმეობის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი ფულით დაფინანსების შესაძლებლობას;
· ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ევროკავშირის ბაზარზე;
· სუბსიდირებული იმპორტისაგან სოფლის მეურნეობის დასაცავად გამოვიყენებთ საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულ საგადასახადო და სხვა სატარიფო მექანიზმებს;
· სოფლის მეურნეობის ეტქნოლოგიებში განხორციელებულ ინვესტიციაზე მწარმოებელი სახელმწიფოსგან მიირებს გრანტს ინვესტიციის 100%-ის ოდენობით;
· განხორციელდება ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულისა და რუსთავის საწარმოების დროებითი რენაციონალიზაცია;
· შევქმნით დამოუკიდებელ ანტი-კორუფციულ სააგენტოს;
· გავამკაცრებთ კანონს პოლიტიკურ ელიტურ კორუფციაზე და მოპარულ ფულს დავუბრუნებთ ხალხს;
· გენერალურ პროკურორს ავირჩევთ პოლიტიკური კონსენსუსით;
· იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საპროკურორო საბჭოში ავირჩევთ დამოუკიდებელ წევრებს;
· დავაინიცირებთ ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას;
· გავამკაცრებთ მიდგომას ორგანიზებულ დანაშაულთან;
· სისტემურად გადაიხედება ჩანაცვლებითი თერაპიის, ე.წ. მეთადონის პროგრამის ადმინისტრირების ეფექტიანობა;
· აღმოიფხვრება კორუფცია ადმინისტრირების პროცესში;
· ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ საჯარო მოხელეების დაყოფას ნაცებად და ქოცებად;
· აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო – რუსებს, აფხაზებსა და ოსებს დეოკუპაციაზე ჩვენს მაგივრად ვერავინ დაელაპარაკება;
· ევროკავშირის წევრობა გვჭირდება იმისთვის, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო დასავლელ პარტნიორებთან ერთად ძლიერი პოზიციით ესაუბროს ოკუპანტ ქვეყანას მშვიდობიან დეოკუპაციაზე და მიაღწიოს შედეგს;
· ევროკავშირის დათქმების შესრულებით და საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციით სწრაფად შევიყვანთ საქართველოს ევროკავშირში;
· შევიმუშავებთ დეოკუპაციის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების საერთო ეროვნულ ხედვას და სტრატეგიას;
· შევიმუშავებთ საოკუპაციო ხაზთან მყოფ მოსახლეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას;
· თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი განისაზღვრება მინიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ოდენობით.”
ხელმოწერამდე პარტიაში აცხადებდნენ, რომ იღებდნენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია.
23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი, ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.