აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრული ახლოსაა.
აღნიშნულის შესახებ ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა.
„ტრამპი როდესაც მოლაპარაკებებზე მიდის, ამბობს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკულ მედიაში აღშფოთებას იწვევს, რადგან ისინი კითხულობენ, რატომ ესაუბრებით რუსეთს? მაგრამ როგორ უნდა დაასრულოთ ომი რუსეთთან საუბრის გარეშე? რეალურად თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა ისაუბროთ ყველასთან, ვინც მონაწილეობს ბრძოლაში. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ამას აკეთებს. ტრამპი აღიარებს, რომ ბევრი საკითხი რთულია. ამ ყველაფრის მოგვარებას ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწე დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ასეთი თეთრ სახლში გვყავს და ნამდვილად მჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვართ პირველად სამი წლის განმავლობაში, რადგან ოვალური კაბინეტიდან გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორიც ამ ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში არ გვყოლია. ძნელი დასაჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი თვეა, რაც თანამდებობაზე ვართ, რადგან, ვფიქრობ, ერთ თვეში უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ბაიდენმა დაახლოებით ოთხ წელიწადში. მადლობა ღმერთს ამისთვის“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
რაც შეეხება მიგრაციის საკითხს, ვენსმა აღნიშნა, რომ ეს დიდი საფრთხეა როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის.
„ევროპაში ყველაზე დიდი საფრთხე – და ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე შეერთებულ შტატებშიც დაახლოებით 30 დღის წინ – არის ის, რომ დასავლეთის ლიდერებმა გადაწყვიტეს, თავიანთ ქვეყნებში მილიონობით შეუმოწმებელი უცხოელი მიგრანტი შემოეშვათ. ეს არის უდიდესი საფრთხე ევროპისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვა, კვლავ რჩება უდიდეს საფრთხედ შეერთებული შტატებისთვისაც. გარანტიას გაძლევთ, რომ დემოკრატები ოდესმე კვლავ თუ მოიპოვებენ ძალაუფლებას, ისინი კვლავ შეეცდებიან ამის გაკეთებას“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.
1tv.ge
