დინოზავრების ცხოვრება არც ჩისკულუბის ასტეროიდის დაცემამდე ყოფილა დალხენილი. საფრთხეები მათ დიდი ხნით ადრეც არ აკლდათ.
ახალმა კვლევამ მიაგნო მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც, პოტენციურად სასიკვდილო ძვლის დაავადება ჯერ კიდევ 80 მილიონი წლის წინ უქმნიდა საფრთხეს თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიის ბინადარ გრძელკისერა დინოზავრებს.
ისინი სამხრეთ ამერიკის უდიდესი დინოზავრები იყვნენ, მაგრამ მაინც ჰყავდათ ერთი ციდა მტერი.
მეცნიერებმა აღწერეს ბრაზილიაში აღმოჩენილი ექვსი ზავროპოდის უძველესი ჩონჩხი, რომლებსაც ოსტეომიელიტის ნიშნები აქვთ — ძვლის დესტრუქციული ინფექციის, რომელსაც ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები ან პარაზიტები იწვევს.
დღეს ეს ინფექცია ემართებათ ძუძუმწოვრებს, ფრინველებსა და ქვეწარმავლებს.
ცარცულ პერიოდში ის შეიძლება დინოზავრებს ხოცავდა. ბრაზილიის ეს ტერიტორია მაშინ დაფარული უნდა ყოფილიყო თავთხელი, ნელა მოძრავი მდინარეებისა და მოზრდილი ტბორების ქსელით — იდეალური ადგილი პათოგენებისა და მათი მატარებელი არსებებისთვის.
ავად თუ კარგად, როგორც ჩანს, ზავროპოდებსაც ეს ნესტიანი ეკოსისტემები ერჩიათ. მათ ნაფეხურებსა და ნამარხებს ხშირად პოულობენ უძველეს ჭაობიან ვაკეებსა და ჭაობებში.
„ზავროპოდებში ინფექციურ დაავადებათა რამდენიმე შემთხვევაა აღმოჩენილი. პირველი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ჩვენ მიერ შესწავლილი ძვლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოაჩინეს ერთ პალეონტოლოგიურ ძეგლზე, რაც მიუთითებს, რომ ამ რეგიონში პათოგენებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობები იყო, რომლებიც იმ დროს მრავალ ინდივიდს აინფიცირებდნენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრაზილიის კარირის რეგიონული უნივერსიტეტის (URCA) პალეონტოლოგი ტიტუ აურელიანუ.
ვრცლად პირველ არხზე
