ნაკრები თბილისში დაბრუნდა, ფეხბურთელებს აეროპორტში ქომაგები ელოდებოდნენ

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, თუმცა შეკრებილებმა ფეხბურთელებთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აეროპორტის ტერიტორია ავტობუსით დატოვეს.
დღესვე, 22:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია ნაკრების ოფიციალური დახვედრის ცერემონია. ეროვნული ნაკრების წევრები მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსით 21:30 საათზე დაიძვრებიან და გულშემატკივრებს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეხვდებიან.
ეროვნულმა გუნდმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა 30 ივნისს დაასრულა. საქართველოს ნაკრები ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთთან დამარცხდა და გერმანიიდან თბილისში დღეს, 2 ივლისს დაბრუნდა.
ევრო 2024 საქართველოსთვის ნაკრებისთვის სადებიუტო იყო. საქართველოს ნაკრები ტურნირის F ჯგუფში ასპარეზობდა, თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად. პირველი შეხვედრა ეროვნულმა გუნდმა თურქეთთან გამართა, სადაც ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
პირველი ისტორიული ქულა კი საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ მოიპოვა. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0, ჯგუფში 4 ქულის დაგროვება შეძლო და ტურნირის პლეი-ოფში ჯგუფში მესამე ადგილით გადავიდა.
მერვედფინალურ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებს ესპანეთის ნაკრები შეხვდა. შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის