საქართველოს ეროვნული ნაკრების მენეჯერი გიორგი კაციტაძე აცხადებს, რომ გაუგებრობა, რომლის გამოც ხვიჩა კვარაცხელია მარტში ლუქსემბურგთან დაგეგმილ შეხვედრას გამოტოვებს, მისი პირადი შეცდომაა და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.
კაციტაძის თქმით, 2011 წლიდან დღემდე, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობს და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დაუშვა ისეთი შეცდომა, რისი მიღებაც რეალობად ამ დრომდე უჭირს:
„იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.
ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგავად შრომობს,“ — აცხადებს კაციტაძე.
მისი თქმით, იმ მიზეზით, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად რჩება:
„მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითაც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო,“ — ამბობს კაციტაძე.
19 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ რიგით (ჯამში) მესამე ყვითელი ბარათი [გაფრთხილება] მიიღო, რაც უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.02 მუხლის ა) პუნქტის თანახმად გულისხმობს დისკვალიფიკაციას შემდეგ გასამართ მატჩში.
კვარაცხელიას გარდა, მესამე ყვითელი ბარათის მიღების და პოტენციურად პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვების რისკის ქვეშ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც აგრეთვე ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით საქართველოსთვის არაფერს წყვეტდა.