“ნაკრების ლიდერი დავკარგეთ” – საქართველოს პოტენციურ მეტოქე ყაზახეთშიც ყვითელ ბარათებს გლოვობენ

საქართველოს ნაკრების დარად კარგი ამბავი არც ყაზახეთს დაემართა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში “ჯვაროსნების” პოტენციური მეტოქეა, თუმცა მათ ჩვენგან განსხვავებით ეს ამბავი ეპატიებათ, რადგან სლოვენიასთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2024-ზე გადიოდნენ.
მოკლედ, აღნიშნულ შეხვედრაში “ზენიტის” 23 წლის მცველმა ნურალი ალიპმა, რომლითაც ინფორმაციისთვის “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული, შესარჩევ ციკლში მე-3 ყვითელი ბარათი მიიღო და თავის ნაკრებს საბერძნეთთან მატჩში ვერ დაეხმარება.
ყაზახური მედია წერს, რომ ის ნაკრების ლიდერია და უდიდესი დანაკლისია. შესარჩევ ეტაპზე მან ყველა შეხვედრაში სრულად ითამაშა და ამავდროულად, სანქტ-პეტერბურგული
გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია.
თუ ყაზახებმა ბერძნების ბარიერი გაიარეს და ქართველებმა ლუქსემბურგი დაამარცხეს, ფინალში კვარაცხელიასაც შეეძლება თამაში და ალიპსაც.