‘ნაკრების დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი გადაუხადა მათ, რითაც მოისყიდა და გააჩუმა” – რომან.გოცირიძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დეგრადაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი გადაუხადა მათ, რითაც ფაქტობრივად მოისყიდა და გააჩუმა ისინი. ამ დღიდან შეწყდა მათი მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური და ძალადობრივი პოლიტიკის გაპროტესტება. ნაკრების რამდენიმე წევრმა “ოცნების” სამარცხვინო საარჩენო კლიპშიაც კი მიიღო მონაწილეობა, რითაც ხელი შეუწყო ნაკრებში ერთიანობის გრძნობის მოშლას და ფსიქოლოგიური სირთულეების წარმოშობას. შექმნილ ვითარებაში ბრალი მიუძღვის “ოცნების” კლანს, პირადად ბიძინა ივანიშვილს, ლევან კობიაშვილს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, ნაკრების ფრანგ მწვრთვნელს ვილი სანიოლს, რომლებიც “სპორტისა და პოლიტიკის” გამიჯვნის ლოზუნგით მორალურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ ფეხბურთელებზე. ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა სამთავრობო, პრივილეგირებულ ბიზნესებში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სპორტსმენების ჩართვამ და მათი სახეების პროპაგანდისტული მიზნით გამოყენებამ. ხელისუფლებამ ფეხბურთელებს თავი დამცირებულად, გაყიდულებად და კონფორმისტებად აგრძნობინა. გადაივლის ყველაფერი. ეს რუსული რეჟიმიც ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდება და ის წნეხიც მოიხსნება, რასაც ყველა, მათ შორის სპორტსმენები განიცდიან. ჩვენს გუნდს კი გამაგრებას და გამარჯვებებს ვუსურვებ. არასდროს დაგვავიწყდება ის უდიდესი სიხარული, რაც ქვეყანას მოუტანეთ. არა მხოლოდ სპორტული გამარჯვებებით შეაყვარეთ ხალხს თავი, არამედ თქვენი სილაღით, ადამიანურობით, თანამედროვეობით, პროგრესულობით, ევროპელობით და ქართველობით. თქვენს გვერდით ვდგავართ. გვჯერა, რომ გამარჯვებები წინა გაქვთ.