ნაკლოვანებები პარლამენტარების მივლინებების თუ სატრანსპორტო ხარჯებში – აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრებს მივლინებებში იმაზე მეტი თანხმები აქვთ დახარჯული, ვიდრე სინამდვილეში სჭირდებოდათ.
როგორც ამ დასკვნაში აუდიტის სამსახური წერს, დაფიქსირდა მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმის გაზრდილი მოცულობით ანაზღაურების შემთხვევები.
ასევე, ნაკლოვანებებია ავიაბილეთების შესყიდვის პროცესშიც:
აუდიტის სამსახურის ცნობით, იმის გამო, რომ პარლამენტის აპარატი სამივლინებო განაცხადებს დადგენილი წესის დაუცველად, დაგვიანებით ავსებს და ავიაბილეთებსს გამგზავრებამდე ძალიან მოკლე პერიოდში ყიდულობდა, ავიაბილეთების ფასი იყო გაცილებით მაღალი და ეს, როგორც დასკვნაშიც წერია, წარმოშობდა საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკებს.
მაგალითად, პარლამენტის აპარატის მიერ 2019-2021 წლებში, მივლინებებზე გაწეული ხარჯების 40%-ს შესყიდული ავიაბილეთების ღირებულება შეადგენს.
აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 712 მივლინებული პირისთვის შესყიდული 1874 ავიაბილეთის დეტალები და აღმოაჩინა, რომ არცერთ შემთხვევაში არ იყო დაცული პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამივლინებო განაცხადი უნდა შეივსოს მივლინაში გამგზავრებამდე 14 დღით ადრე.
რეალურად, სამივლინებო განაცხადები ივსებოდა გამგზავრებამდე 3-4 დღით ადრე. შემთხვევათა 60%-ის დროს შესყიდულია ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის ავიაბილეთები, რომელთა შესწავლისას გამოვლინდა, რომ ეს ავიაბილეთები მიეკუთვნებოდა Y კლასს (ეკონომკლასის ბილეთები, ფასდაკლებების გარეშე), რომელიც, არ ითვალისწინებდა ფასდაკლებას.
„ნაკლოვანებებია სამივლინებო ხარჯების ავანსად გაცემისას – საქართველოს პარლამენტის აპარატში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც შეზღუდავდა ანგარიშვალდებულ პირზე ახალ საავანსო ანგარიშსწორების წარმოებას, ძველი სამივლინებო ანგარიშების დახურვის და შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის გარეშე“, – წერს აუდიტის სამსახური.
ამავე დასკვნის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს არ აქვს დამტკიცებული ინსტრუქცია და არ არის დანერგილი კონტროლის სათანადო მექანიზმები, სამსახურებრივი და სამორიგეო ავტომობილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც აჩენს როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არაეკონომიურად გამოყენების რისკს.
ფორუმი