„ნაკლები ინტერესია ავიაკომპანიების მხრიდან შიდა ფრენებზე“

„ნაკლები ინტერესია ავიაკომპანიების მხრიდან შიდა ფრენებზე“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საავიაციო სფეროს ავიაციის სფეროს ექსპერტმა, იასე ზაუტაშვილმა განაცხადა და აღნიშნულის მიზეზებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აპრილის დასაწყისში აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებზე 23.2-მილიონიანი 2 ტენდერი გამოაცხადა. ტენდერების თანახმად, იგეგმებოდა მესტია-ს, ქუთაისი-თბილისისა და თელავი-ბათუმის მიმართულებით ფრენების დამატებაც. ტენდერი ჩაიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა ავიაკომპანიამ არ გამოთქვა. ამჟამად შიდა ფრენებს საქართველოში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ახორციელებს.
როგორც ზაუტაშვილი აღნიშნავს, შიდა ფრენების განხორციელებისთვის საჭიროა ხომალდი, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, „ბოინგისა“ და „ეარბასის“ ტიპის ხომალდებისთვის შიდა ფრენები ან შეუძლებელი ან არამომგებიანია.
„პირობითად რომ ავიღო, მესტიაში ფრენები უნდა განხორციელდეს კონკრეტული ტიპის თვითმფრინავებით. მაგალითისთვის, „ბოინგის“ ან „ეარბასის“ ხომალდი მესტიის აეროპორტში ვერ დაჯდება, რადგან თავისი მდებარეობით ეს აეროპორტი არის უნიკალური და სჭირდება თვითმფრინავი, რომელიც არის უფრო მოკლე, მობილური, გათვლილია 19 მგზავრზე და არის განსაზღვრული მხოლოდ მაღალმთიანი აეროპორტებისთვის. თუ რომელიმე ავიაკომპანიას სურვილი გაუჩნდება აქ ფრენების, ვალდებული იქნება შეიძინოს ახალი თვითმფრინავი, რომელიც მესტიაში იფრენს. რომ ავიღოთ მაგალითად თბილისი-ბათუმის შიდა ფრენა, ამ მარშრუტზე შესაძლოა, იფრინო „ბოინგით“, მაგრამ მხოლოდ თბილისიდან ბათუმში ფრენა, რასაც სჭირდება დაახლოებით 35-წუთიანი დრო, „ბოინგის“ ტიპის თვითმფრინავისთვის არის აბსოლუტურად წამგებიანი, რადგან ყველაზე მცირე ხარჯებსაც კი ვერ ამოიღებს“, – ამბობს იასე ზაუტაშვილი.
როგორც ავიაციის სფეროს ექსპერტი აღნიშნავს, ქართული ავიაკომპანიები უნდა განვითარდნენ და დაინტერესდნენ შიდა ფრენებით, რადგან სწორი მენეჯმენტის პირობებში საერთაშორისო ფრენებზე არანაკლებ მომგებიანია.
„ნაკლები ინტერესია ავიაკომპანიების მხრიდან შიდა ფრენებზე. ამჟამად ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია, რომელსაც გააჩნია თავისი ინფრასტრუქტურა, ბორტი და ხომალდი. თუმცა, ამავე კომპანიას, რომ დღეში რამდენიმე ფრენის შესრულება მოსთხოვო, ვერ განახორციელებს, რადგან ამას რამდენიმე თვითმფრინავი მაინც სჭირდება. გაჯანჯლდა შიდა ფრენების მოწესრიგების საკითხი, ოდესმე უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ვიღაცა დაინტერესდეს აქ შიდა ფრენების განხორციელებით, რადგან შიდა ფრენები ტურისტებისთვის მოსახერხებელია. პირადად მე, მხარს ვუჭერ, რომ სუბსიდია გაგრძელდეს, მაგრამ ამავე დროს მხარს ვუჭერ იმასაც, რომ მეტად გამოფხიზლდნენ ქართული კომპანიები და დაინტერესდნენ აქ პროექტებით. ადგილობრივი ფრენები და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა შესაძლოა, უფრო სარგებლიანი იყოს ავიაკომპანიებისთვის, ვიდრე მხოლოდ საერთაშორისო რეისების შესრულება“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ იასე ზაუტაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში შიდა ფრენებს ძირითადად AK-Air Georgia ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება 2018 წელს 4 წლის ვადით გაუფორმდა. მოგვიანებით მთავრობის დადგენილებით ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე დაკორექტირდა. ბოლო შეთანხმებით, AK-Air Georgia-ს ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე აქვს.
bpn.ge