თბილისი (GBC) – ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავენ, სადაც სს „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელის ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ჯანაშია და ცეცხლაძე გილაურს მათი დაფუძნებული სკოლების „მიტაცებაში“ ადანაშაულებენ.
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
საქართველოს გენერალურ პროკურორს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
მოგესალმებით,
ჩვენ, დავით ცეცხლაძე და ნათია ჯანაშია, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები, კიდევ ერთხელ მოგმართავთ სასწრაფო რეაგირების მოთხოვნით.
უკვე 4 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი სკოლები ირაკლი გილაურისა და მისი ჯგუფის მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული. ამავე პერიოდში არაერთხელ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა, მიუხედავად თქვენი უწყებების ხელთ არსებული სერიოზული მტკიცებულებებისა, რეალური სამართლებრივი ნაბიჯები დღემდე არ ჩანს.
გილაურის მიერ დანაშაულების ჩადენას ადასტურებს სხვადასხვა მტკიცებულებები(ხელშეკრულებები, ფინანსური დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრის ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები), რომლებიც გადავეცით შესაბამის უწყებებს. კონკრეტულად, ირაკლი გილაური და მისი თანამზრახველების ქმედებებში შეინიშნება ისეთი დანაშაულების ნიშნები, როგორიცაა:
· ორგანიზებული თაღლითობა და ბრიტანული სკოლების აქტივების უკანონო მიტაცება;
· დოკუმენტაციის გაყალბება და საჯარო რეესტრში კორუფციული სქემების განხორციელება;
· პოლიციის მობილიზება კორუფციული შეთანხმებით, ძალადობრივი მეთოდებით სკოლების ოკუპაციის უზრუნველსაყოფად;
· სკოლის საბიუჯეტო თანხებიდან 3.2 მილიონი ლარის მითვისება და მისი გამოყენება პირადი საკუთრების გასამდიდრებლად;
· ინფორმაციის უნებართვო მოპოვება და გადაცემა კონკურენტ სკოლებზე, სკოლების მიზანმიმართული დაზარალება;
· გილაურის დავალებით, სკოლების დე ფაქტო ხელმძღვანელის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ხდება სკოლების მიზანმიმართული განადგურება, რითაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება სკოლებს და ჩვენ, დავით ცეცხლაძესა და ნათია ჯანაშიას.
დღეს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს კორუფციასთან სისტემური ბრძოლის აუცილებლობას, ასეთ ვითარებაში უსამართლობის და კრიმინალის იგნორირება დაუშვებელია.
გაცნობებთ, რომ ირაკლი გილაურისა და საქართველოს კაპიტალის მიმართ საერთაშორისო მასშტაბით გატარებულია შემდეგი ზომები:
· გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს გამოძიება ლონდონის საფონდო ბირჟის რეგულატორების მხრიდან კორპორაციული გაყალბებისა და ბაზრის მანიპულაციის ნიშნებზე;
· წამყვანი საერთაშორისო მედია იძიებს გილაურის კავშირებს ტრანსნაციონალურ თაღლითობასთან და კორუფციულ ქსელებთან;
მოვითხოვთ:
· დაუყოვნებლივ დაიწყოს სრულმასშტაბიანი სისხლის სამართლის გამოძიება ირაკლი გილაურისა და გიორგი კეთილაძის მიმართ;
· გამოყენებულ იქნას აღკვეთის უმკაცრესი ღონისძიებები, მათ შორის, წინასწარი პატიმრობა, რათა გამოირიცხოს მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზეწოლა;
· გამოძიების ფარგლებში სრულად იქნას გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრი და ჩართული სახელმწიფო მოხელე;
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეაფასოს ირაკლი გილაურისა და მისი კომპანიის ქმედებები, როგორც საფრთხე საქართველოს სტაბილურობისთვის, განათლების სისტემისთვის და საინვესტიციო გარემოსთვის.
ჩვენი ბრიტანული სკოლების ნგრევა, ათობით თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება და ბავშვების იძულებითი სკოლიდან წასვლა არა მხოლოდ კერძო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ, ასევე, მნიშვნელოვან ზიანსაყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.
გთხოვთ, მოახდინოთ დაუყოვნებლივი სამართლებრივი რეაგირება.
ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მტკიცებულებები წარმოგიდგინოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
(R)
