საკრებულოს წევრ, ნათია მოდებაძის განცხადებით, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელების ვადები ჯერ არ არის ამოწურული და ოპოზიცია შეტევაზეა გადმოსული.
როგორც მან აღნიშნა, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებსაც ყველანაირი სიკეთე უნდათ კატასტროფად და კორუფციად შერაცხონ.
„ყველამ ვნახეთ ფოტოები, თუ რა მდგომარეობაში იყო გაყვანილობები და ქსელები, იყო თუ არა შესაცვლელი? იყო, ჰოდა დაიწყო რეაბილიტაცია. ათასგზის გაკეთდა განცხადება, რომ სამუშაოები ვადის ფარგლებში დასრულდება. პრობლემა რაშია, თქვენ თავადაც არ იცით. პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებსაც, უბრალოდ, ყველანაირი სიკეთე უნდათ კატასტროფად, კორუფციად შერაცხონ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.
მოდებაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ ვერც ჭავჭავაძის და ვერც წერეთლის გამზირი ვერ გაკეთდებოდა ისე, როგორც კეთდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში.
„შეგახსენებთ როგორ ხსნიდით ერთსა და იმავე პროექტს სამჯერ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მე ჟურნალისტი ვიყავი და ვაშუქებდი ამ თემებს, როგორ ატერორებდით ბიზნესმენებს, როგორ ჩამოირეცხებოდა ხოლმე თქვენ მიერ ჩაბარებული პროექტები ერთ კვირაში – ასეთებიც მახსოვს. კიდევ ბევრს მოვიყვანდი მაგალითად, მაგრამ ახლა ამაზე დროს არ დავკარგავ. ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი პროექტი დაიწყება, გაგრძელდება და ჩაბარდება ვადებში“, – განაცხადა ნათია მოდებაძემ.
ამასთან, ნათია მოდებაძე ყოფილ-პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ის ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ წინააღმდეგ აგორდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის ფონდია, რომელიც თუნდაც ამჟამად უნიკალურ ტაძარს აშენებს ახალციხის რაიონში. მისი ერთადერთი შემომწირველი ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არიან. სიკეთე უნდა დავინახოთ ყველამ“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.