ნათია მეზვრიშვილი: პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული

“როგორ აღასრულებს „ოცნება“ ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას:
პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ჰყავს რამდენიმე აქტორი – ივანიშვილი, მისი „ოცნება“, სახელმწიფო უწყებები და არაფორმალები.
ეტაპები:
1. პროტესტის მონაწილეს უმიზეზოდ იჭერს სპეცრაზმი ან ნიღბიანი არაფორმალები, სასტიკად უსწორდებიან (ძირითადად ჩიხებში). ცდილობენ მოერიდონ კამერებს, რომ მტკიცებულება არ დატოვონ. ამიტომ აქვთ ნადირობა ჟურნალისტებზე, რომლებიც მტკიცებულებებს ქმნიან;
2. ნაცემი ადამიანი გადაჰყავთ მიკრო-ავტობუსში ან მინი-ვენში, სადაც გრძელდება ცემა. აქაც კამერები არ აქვთ. ცემას ხშირად ესწრება „ხარება“, რომელიც ცემის პროცესს იღებს;
3. ორგზის ნაცემი ადამიანი გადაეცემა პოლიციას, რომელსაც მსხვერპლი ავტომანქანით (სადაც ასევე არ არის კამერები) გადაჰყავს პოლიციის განყოფილებაში ან იზოლატორში. გზაში კიდევ სცემენ;
4. სამგზის ნაცემი ადამიანს კიდევ უმატებენ განყოფილებაში (ზოგგან კამერები არის, მაგრამ კამერების მიღმა ცემენ). პლიუს, საათობით არ ატყობინებენ მის ადგილსამყოფელს ოჯახს. იზოლატორში იშვიათად სცემენ ერთადერთი მიზეზის გამო: ყველა იზოლატორი თავის დროზე აღვჭურვეთ კამერებით და გავმართეთ მონიტორინგის სისტემა. თუმცა, იზოლატორებში საათობით არ უწევენ სამედიცინო დახმარებას. ესეც მიზანმიმართულია იმიტომ, რომ თავის დროზე ყველა იზოლატორი უზრუნველვყავით სამედიცინო პერსონალით;
5. ამ ყველაფერს უყურებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა. არ რეაგირებენ. დამნაშავეებიდან აქამდე არავინ დაუკავებიათ, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ. აკავებენ, ბრალს უყენებენ და აპატიმრებენ მხოლოდ ნაცემ ადამიანებს. ესეც დასჯის მიზნით. მიზანი რომ დასჯაა ამაზე ასევე მიუთითებს შაბლონური ბრალები, სადაც მხოლოდ სახელები იცვლება (არავინ იცის ვინ რა მოქმედება ჩაიდინა, მთავარია აქციაზე იდგა და აპროტესტებდა) და ყველა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის მოთხოვნა;
6. ოთხგზის ნაცემი, ყველაუფლებადარღვეული ადამიანები მიჰყავთ ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში. მოსამართლე ვერ/არ ხედავს, რომ ადამიანი სასტიკად ნაცემია და -ს და პროკურატურის ყველა შუამდგომლობას პატიმრობაზე აკმაყოფილებს. ესეც დასჯის დამატებითი მეთოდი და რეპრესიის საბოლოოდ გაფორმება.
ცემის პროცესი დაახლოებით 15-20 წუთი მიმდინარეობს. ძირითადად ურტყამენ სახეში, რომ კვალი დარჩეს. დაკავებულების უმრავლესობას დამტვრეული აქვს სახის ძვლები. ცემის პროცესში დაკავებულებს ამცირებენ, სთხოვენ „ხარებასთვის“ ხოტბის შესხმას, ემუქრებიან გაუპატიურებით, დუბინკის ერთ ადგილას გაკეთებით, ყურების დაჭრით და ა.შ. ართმევენ პირად ნივთებს (მობილური, საფულე, ტექნიკა).
ყველა დაკავებულთან მიმართებით ასეთი ერთნაირი ხელწერა პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარი ორგანიზების და ერთიანი დავალების ჩაშლის გარეშე.
დაკავების, ჩხრეკის,პატიმრობის, გამოკითხვის/დაკითხვის მიზანი არც ერთ შემთხვევაში არ არის მართლმსაჯულების აღსრულება. მიზანია განსხვავებული აზრის გამო ადამიანების სამაგალითო დასჯა და შიშის დანერგვა. რეპრესიების და დასჯის გაადვილების მიზანს ემსახურება ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიც.
ამიტომ, ეს არის რეჟიმის მიერ ჩადენილი ორგანიზებული, სისტემური დანაშაული – სადამსჯელო ოპერაცია, რაც პირველ რიგში, გამოიწვევს რეჟიმის პასუხისგებას როგორც საქართველოს იურისტიქციაში, ისე – სტრასბურგში და დიდი ალბათობით – ჰააგაში.
ყველას გახსოვთ სტრასბურგის გადაწყვეტილება გირგვლიანზე. სასამართლო შოკირებული იყო ხელისუფლების და სახელმწიფო უწყებების დანაშაულებრივი კოორდინაციით. დაახლოებით ეს ხდება ახლა, გაცილებით დიდი მასშტაბით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შესაბამისი საერთაშორისო ვერდიქტიც.
რასაც აქ ვწერ, რა თქმა უნდა, მტიცებულებებს ეფუძნება, – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.