ივანიშვილის გამოსვლაში გავიგე ორი რამ: გახარიასი ეშინია და ფულზე მოთქვამდა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მეზვრიშვილმა შეაფასა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე გიორგი გახარიას გუნდის გასამართლებაზე საუბრობს.
“ბიძინა ივანიშვილი, რეალურად, ვერავის დამჭერი ვერ არის, გუნდში შიშს ვერ დანერგავს. გამოვიდა ადამიანი, რომელიც ამდენი ხანია, არ გამოჩენილა და ისიც ვერ გაბედა, რომ პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო.
დაჭერით რომ შეგაშინოს, ვიღაც გაცილებით უფრო სერიოზული პირი უნდა გელაპარაკებოდეს, ვიდრე ივანიშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. თვითონაც ვერ გაიაზრა, მგონი, რა თქვა, ანუ ადამიანებს დაემუქრა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა გააკეთეს თავისი პოლიტიკური არჩევანი. რით განსხვავდება ივანიშვილი, როდესაც გუშინ ამ განცხადებას აკეთებდა, “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დაჭერით იმუქრებოდა და დევნიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ოპონენტები განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს გამოხატავდნენ.
რეალურად რა თქვა ივანიშვილმა – პროკურატურა ჩემს ხელშიაო, სასამართლო ჩემს ხელშიაო, კანონზე მაღლა ვდგავარო ამ ხალხს მე გავასამართლებო, რადგან გახარიას გვერდით დგანანო.
მის გამოსვლაში ორი რამ გავიგე – გახარიასი ეშინია და ფულზე მოთქვამდა. ამხელა კაცი 20 წუთის განმავლობაში ფულზე ტიროდა, გავღარიბდიო და იმის გამო, რომ ამერიკელები და ევროპელები ჩემს ფულს შეეხნენო, გავბრაზდიო. სტრატეგიულ პარტნიორებთან თურმე იმიტომ ჩამოშალა ურთიერთობა და ქვეყანა იზოლაციაში იმიტომ მოაქცია, რომ მის აღქმაში მის ფულს ცუდად შეეხნენ. წარმოიდგინეთ, ასეთი კაცი რომ გველაპარაკება ღალატზე.
ივანიშვილი რომ გარეწარს უწოდებს, იმ ადამიანის გვერდით დგომით ძალიან ვამაყობ. ჩვენ რაღაც შეცდომები დაგვიშვია, მერე ეს შეცდომები გვიღიარებია, არ იყო ჩვენი მმართველობის პერიოდი იდეალური, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებისთვის არ გვიღალატია, ფული არ მოგვიპარავს და სახლში არ წაგვიღია, ის არ გვიკადრია, რაც თავად იკადრა – სახელმწიფო ფულში დაახურდავა.
რა ლექსიკით ლაპარაკობდა ამ ინტერვიუში ამხელა საპატიო თავმჯდომარე კაცი, ან რა ტონით საუბრობდა, ან რა გამომეტყველება ჰქონდა – მე ვერ წარმოვიდგინე, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობა” დაამარცხა და ქვეყანას ბევრი კარგი რამ გაუკეთა. ეს იყო აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანი, რომელიც ამაყობდა იმით, რომ სიძულვილის ენის ავტორი თურმე ის არის. არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე გამოვიდა, არანაირი საარჩევნო დაპირება არ გაუჟღერებია და ინტერვიუს ბოლოს რამდენიმე წუთი მათხოვრობდა, გეხვეწებით ხმა მომეცითო”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.