“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ ნოემბერ-დეკემბერში რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ და ორგანიზებულ წამებას არც იძიებენ და არც აპირებენ. რა თქმა უნდა, მოლოდინი არც ყოფილა, მაგრამ ეს განცხადებითაც დაადასტურეს.
დავიწყოთ იმით, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კვალიფიკაციით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რისთვის გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – არ გამოეძიებინათ ასეთი დანაშაულები.
უზარმაზარ განცხადებაში ერთ წინადადებას ვერ იპოვით, რომ უწყება სწავლობს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზებულ, სისტემურ ხასიათს. შეგახსენებთ, რომ ყველა დაკავებული ყვება სასტიკი ანგარიშსწორების ერთი და იგივე ისტორიას (დაკავებისას ცემა, პოლიციის კორდონებში ცემა, მინივენებში ცემა, განყოფილებებში ცემა და ა.შ);
მთელი განცხადება არის მხოლოდ ერთი შეხედვით შთამბეჭდავი სტატისტიკა, რომლის მიზანია შექმნას მოჩვენებითი აღქმა, რომ თითქოს უზარმაზარი სამუშაო გასწიეს და ობიექტურად იძიებენ. ნათქვამია, რომ 1400 საათის ვიდეო ჩანაწერები აქვთ გასაშიფრი. ესეც თვალის ასახვევად იმიტომ, რომ ზონდერებიც და პოლიციაც ხალხს ძირითადად კამერებისგან მოფარებით ცემდა.
ეს განცხადებაც, არასახალხო დამცველის გუშინდელი განცხადების მსგავსად, ევროსაბჭოს დელეგაციის შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება, რასაც დარწმუნებული ვარ, ვერ მიაღწევენ წამების იმდენად თვალსაჩინო მტკიცებულებებია ზედაპირზე და იმდენად ფსკერზეა ნდობა რეჟიმის მსახური უწყებების ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ,” – წერს სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილი.