მმართველი გუნდის ლიდერები პარტიას “გახარია საქართველოსთვის” ძალიან საშიშ პოლიტიკურ სუბიექტად ასახელებენ და უცხოელი აგენტებივით ქმედებებში ადანაშაულებენ, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი კი ტყუილ-მართლის გასარჩევად პრემიერ ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დებატებში იწვევს და ტელეკომპანია “იმედსაც” მიმართავს: “სააკაშვილისთვის გამოყოფილ საეთერო დროს მოაკელით ცოტა და დაგვითმეთ საარჩევნო გარემოს განსახილველად. თუ უარს იტყვით, გამოდის, 2012 წლის “ნაცების” ტელევიზიებივით უმალავთ ხალხს სიმართლეს”.
– კობახიძე და პაპუაშვილი ამბობენ, რომ სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოა, მე კი მაქვს მტკიცებულებები, თუ როგორ სცემენ ოპონენტებს, როგორ ყრიან მასწავლებლებს პოლიტიკური ნიშნით, როგორ გვიკეტავენ ტელეეთერებს, როგორ გვითვალთვალებს სუს-ი და ა.შ. მაგალითად, მე ასევე შემიძლია არგუმენტირებულად დავამტკიცო, რომ კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება. კომისია არც რეკლამის განთავსების საშუალებას გვაძლევს და ვინც განათავსა, მათაც სამართალდამრღვევად ცნობს და დასჯას უპირებს. ეს ყოველივე საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას გვისპობს. პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე ტელეკომპანია “იმედს” დაბლოკილი ვყავართ მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ “ნაციონალურ მოძრაობას” და შეუფერხებლად გადმოსცემენ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან. ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას და უსამართლო საარჩევნო გარემოს ქმნის. კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება ურცხვად ტყუის, რომ თითქოს სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოა. მოვუწოდებთ, “ოცნებას” და მის პარტიულ ტელევიზია “იმედს”, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად.
– რას იტყვით მმართველი გუნდის ბრალდებაზე, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია აგენტურის წევრია და თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ შელახა ხელისუფლების იმიჯი ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად.
– “ქართულ ოცნებას” კომპლექსი აქვს, რაც კი მაგ პოლიტიკურმა გუნდმა 2020 წელს ხმები მიიღო, ყველა გიორგი გახარიას დამსახურება იყო. რომ არა გახარია, “ქართული ოცნების” საქმე ჯერ კიდევ 2020-ში წასული იქნებოდა. ახლა მათ სახელმწიფო მართვა თავზე ემხობათ, პროცესი უკვე ხელიდან გაექცათ, ინსტიტუციები ინსტიტუციებს აღარ ჰგავს, ქვეყანაში წესრიგი მოიშალა. ეს იგრძნობა მმართველი გუნდის თითოეულ ღონისძიებაზეც, ივანიშვილის თითოეულ გადაწყვეტილებაზე. გინდათ იცოდეთ, რა ხდება მმართველ გუნდში? ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული.
– რას გულისხმობთ?
– ორ ირაკლის ერთმანეთთან ბრძოლა აქვს გაჩაღებული. ბიძინა ივანიშვილის შექებაზეა დამოკიდებული მათი ღიმილიც კი. დიახ, გიორგი გახარია და პარტია “გახარია საქართველოსთვის” საშიშია “ქართული ოცნებისთვის”, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს რეალურად შეუძლია მათი დამარცხება. არჩევნები რომ გადაივლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და გაირკვეს, ვინ ვინ არის სინამდვილეში. სხვათა შორის, სხვებზე რა გითხრათ, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ არის სინამდვილეში მამუკა მდინარაძე და არ ვურჩევ გონორით ლაპარაკს.
– ვინ არის მამუკა მდინარაძე?
– დადგება ამის თქმის დროც, მაშინ, როდესაც საგამოძიებო კომისია ბევრ რამე გამოააშკარავებს. ჩვენ ამისთვის ჯერ არ გვცალია.
– სხვათა შორის, პაპუაშვილმა უკვე შენიშნა, რომ მათ გასამართლებით ემუქრებით.
– კი, მოვისმინე, პაპუაშვილის ეგ განცხადება. ადეიშვილის პროკურორიც მიწოდა. ეს არის სამარცხვინო პროცესი, რაშიც “ქართულ ოცნებას” არც “ნაციონალური მოძრაობა” ჩამოუვარდება. “ნაცებისთვის” მოქმედი საჯარო მოხელეები “ქოცები” არიან, “ოცნებისთვის” წინა ხელისუფლების კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები კი “ნაცები”. ჩვენ ამას 26 ოქტომბერს დავასრულებთ. ვამაყობ, რომ “ნაცების”“და “ოცნების” დროსაც ღირსეული საჯარო მოხელე ვიყავი. ვინმემ დამისახელოს ერთი სისხლის სამართლის საქმე მაინც, სადაც ნათია მეზვრიშვილმა ვინმეზე იძალადა ან უფლებამოსილებას გადაამეტა განსხვავებით იმ ნაცზონდერებისგან, რომლებიც დღეს “ოცნებას” ხელისუფლებაში ჰყავს გადაპორტირებული. მეტსაც გეტყვით, იმდენად უსუსური იყო “ოცნება” “ნაცების” გასამართლების პროცესში, ყველა საქმეს აგებდნენ, სანამ ნათია მეზვრიშვილი არ ჩაერთო მერაბიშვილის პროცესში. ეს იყო პირველი საქმე, რომელიც “ოცნებამ” მოიგო. იცით, რამდენი იყო და არის ჩემნაირი ღირსეული საჯარო მოხელე მაშინდელ და დღევანდელ პროკურატურაშიც? ხომ არ იცით, რომელი დროის საჯარო მოხელეები იყვნენ “ოცნების”“მხარდაჭერილი მოქმედი გენერალური და წინა გენპროკურორი? როგორ სამართლიანადაც აღვასრულე მე ვანო მერაბიშვილის მიმართ მართლმსაჯულება ძალადობასა და კორუფციაზე, ისე აღსრულდება “ოცნებაზეც”. მაშინ “ოცნებისთვის” რომ დამეჯერებინა, მერაბიშვილი გარეთ იქნებოდა ან “ვივამედში”, სააკაშვილის მსგავს სასათბურე პირობებში.