ნათია მეზვრიშვილი: ანდრო ჭიჭინაძის (და სხვების) საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებები იურიდიულ სახელმძღვანელოებში შევა როგორც …

“ანდრო ჭიჭინაძის (და სხვების) საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებები იურიდიულ სახელმძღვანელოებში შევა როგორც გამოხატვის თავისუფლების გამო დევნის თვალსაჩინო მაგალითი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობს ელემენტარული პროფესიული ღირსება.
რომ დაგაპატიმრონ 1. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი რომ ჩაიდინე დანაშაული – ამას უნდა ადასტურებდეს მტკიცებულებების ერთობლიობა დ ა 2. ან რეციდივის საფრთხე უნდა იყოს, ან მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების, ან მიმალვის.
მე დღემდე თვალით არ მინახავს ერთი ვიდეომასალაც კი, რომელიც ასახავს, რომ ამ ბიჭმა რამე დააშავა. რომ ჰქონდეთ, მერწმუნეთ, პროპაგანდისტული მედიის ყველა გამოშვებას ამით დაიწყებდნენ.
ახლა ვთქვათ დავიჯერეთ, რომ დანაშაული ჩაიდინა და ვთქვათ დავიჯერეთ, რომ მართლა მტკიცებულებების მოსაპოვებლად გჭირდებათ დრო, რეციდივისტია ანდრო ჭიჭინაძე? სადმე იმალებოდა? გარბოდა? აქციაზე იდგა ყოველდღე. მოწმეებზე ზემოქმედებდა? ან ვინ მოწმეებზე? სად არიან, ვინ არიან? რომელ მტკიცებულებას ანადგურებდა?
კარგი რეჟიმი რეჟიმია, პროფესიული ღირსების ნატამალი მაინც არ შეგრჩათ პროკურატურაში? ამ საქმეზე პროცესზე ფეხზე რომ დგებით და პატიმრობაში დატოვებას და პროცესის გადადებას ითხოვთ, მაგ დროს ხომ ხვდებით, რომ პროფესიული ღირსება აღარ გაქვთ?
თუ არ გახსოვთ, გაგახსენებთ – პროკურორს და მოსამართლეს ე.წ. ორთვიანი პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის უფლებამოსილება იმიტომ მივანიჭეთ, რომ ასეთი უსაფუძვლო პატიმრობები გამოგვერიცხა. ეს ცვლილება „ოცნების“ მმართველობის დროს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გავაკეთეთ. ასე აღასრულებთ თქვენივე დაწერილ კანონებს?
გამოუშვით ეს ბიჭი და ეს ბიჭები. უბრალოდ სირცხვილია,” – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.