მოკლედ
· ნათია ლეთოდიანის ოჯახის რუსთავში მდებარე სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი ზაურ კაპანაძე 26 სექტემბერს მივიდა;
· ლეთოდიანი პრინციპულად არ იხდის მისთვის 2025 წლის 31 იანვარის ჯარიმას, რომელიც ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე პროტესტის ნიშნად წრიულად სიარულისთვის გამოუწერა პოლიციამ. მას ყადაღა ამ ჯარიმის გადაუხდელობის გამო ივლისში დაედო.
· აღსრულების ბიურო ლეთოდიანთან კიდევ დაბრუნდება – იმ შემთხვევაში თუ ის ჯარიმას არ გადაიხდის, ყადაღა დაედება მისი ოჯახის წვრილმან ტექნიკას და ავეჯს.
“მე არ ვიყავი სახლში როცა მოვიდა აღსრულების ბიუროს წარმომადგენელი, დედა და ბებია იყვნენ სახლში. დედამ უთხრა, მთელი ოჯახი მაგ ბრძოლაში ვართ, მე არ ვიცი გადაიხდის თუ არა ჯარიმასო, როცა კითხა, რატომ არ ვიხდიდი ჯარიმას. მე არანაირი ქონება არ მაქვს, ეს არის ბაბუაჩემის სახლი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ბებიამ მიიღო მემკვიდრეობით” – ეუბნება რადიო თავისუფლებას ნათია ლეთოდიანი. მან აღსრულების ბიუროს წარმომადგენელს სთხოვა აღწერა ორშაბათისთვის გადაედო, რადგან მანამდე დრო სჭირდებოდა ადვოკატთან კონსულტაციის გასავლელად. ოქმში, რომელიც აღსრულების ბიუროს ქვემო ქართლის განყოფილების წარმომადგენელმა ლეთოდიანის სახლში შეადგინა, მან მიუთითა, რომ არც ერთი ნივთი, რაც ამ სახლშია, მის საკუთრებას არ წარმოდგენს.
“როცა მოვიდა, დედას უთხრა, მხოლოდ ტექნიკა უნდა აღვწეროო, მერე მე რომ მივედი, მითხრა, ყველაფერი უნდა აღვწერო, ავეჯიც, რადგან ესენიც მოძრავ ქონებას წარმოადგენს და თუ არ გადაიხდი ამ ჯარიმას, მერე აღსრულების პოლიციას გადავცემ საქმესო. თავიდან მაწვებოდა, რატომ არ იხდი ჯარიმას, ნაწილ-ნაწილ ხომ არ გირჩევნია გადახდა – მე ავუხსენი, რომ პრინციპულად არ ვიხდიდი პროტესტის ნიშნად და ვკითხე, თუ ჰქონდა ნანახი რის გამო ვიყავი დაჯარიმებული. ვკითხე კიდეც, ადმინისტრაციული ჯარიმის გამო რამდენი შემთხვევა გაქვთ, რომ სახლში მისულხართ და ყველაფერი აღგიწერიათო, პირდაპირ არ უპასუხია, თუმცა ეტყობოდა, რომ თვითონაც უხერხულად გრძნობდა თავს” – ყვება ნათია.
31 იანვარს ბათუმში პროტესტის ნიშნად ზებრაზე სიარულის გამო 23 ადამიანი ჯამში 115 ათასი ლარით დააჯარიმა ბათუმის სასამართლომ. დემონსტრანტების საქმეებს განიხილავდნენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ალექსანდრე გოგუაძე, ჯუმბერ ბეჟანიძე და მარიანა ფომაევა.
ნათია ლეთოდიანი აფხაზეთიდან არის დევნილი. ის პარტია “დროას” წევრია.
ნათია ლეთოდიანის მამა, კობა ლეთოდიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია. მან ერთი თვალი ომში დაკარგა, მეორე 2019 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას.
