ნათია თურნავა ფრანკფურტში SWIFT-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩინური ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემის – CIPS-ის წარმომადგენლებს შეხვდა – სებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ფრანკფურტში, SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილესი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩინური ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემის – CIPS-ის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებული თანამშრომლობის მიმდინარეობა განიხილა“ – ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა CIPS-თან თანამშრომლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით, თბილისში ოფიციალური ვიზიტით CIPS-ის პრეზიდენტი, ფუ ჰუანგი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქართულ კომერციულ ბანკებთან. სამუშაო შეხვედრა სისტემაში გაწევრიანებისთვის საჭირო პროცედურებსა და ტექნიკურ სტანდარტებს მოიცავდა. ამჟამად, ქართული ბანკების ნაწილი ჩართულია CIPS- ის საგადახდო სისტემაში როგორც არაპირდაპირი წევრები, საკორესპონდენტო ჩინური ბანკების მეშვეობით. ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული შესაძლებლობით სხვა ქართულმა კომერციულმა ბანკებმაც ისარგებლონ.
ფრანკფურტში შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროგრესზე ესაუბრათ და შემდგომი გეგმები დაესახათ. ნათია თურნავამ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობებისა და ტურიზმის ზრდის ფონზე კი სახეზეა ქართული საფინანსო ინსტიტუტების CIPS-ში გაწევრიანების პოტენციალი და საჭიროება.
ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ძალისხმევით ქვეყანაში საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემები მუდმივად ვითარდება. CIPS-ში ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყენებული ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემების დივერსიფიკაციას და მხარს დაუჭერს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ ტენდენციას. ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემაში გაწევრიანება აჩენს ჩინურ იუანში დენომინირებული გადარიცხვების განხორციელების დამატებით არხს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის მოთხოვნების გაცილებით მოქნილად, მცირე დროში და შეღავათიანად დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკების ნაწილი, SWIFT-ის სისტემის პარალელურად, ასევე წარმოადგენენ CIPS-ის სისტემის არაპირდაპირ მონაწილეებს და ჩინური საკორესპონდენტო ბანკებით აწარმოებენ გადარიცხვევს ჩინურ იუანში. იმპორტ-ექსპორტის ზრდის ფონზე კი საქართველოს კომერციულ ბანკებს გაუჩნდათ ინტერესი CIPS-ის სისტემაში პირდაპირი მონაწილეობის, რაც გაზრდის გადარიცხვების განხორციელების სიჩქარეს.
თავის მხრივ, CIPS-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მოკლე ვადებში კიდევ უფრო მეტი ქართული საფინანსო ინსტიტუტი შეუერთდება CIPS-ის ქსელს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე.
ჩინური ტრანს-სასაზღვრო საგადახდო სისტემის CIPS-ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის – 261, ჩრდილოეთ ამერიკის – 34, სამხრეთ ამერიკის – 34, ავსტრალია/ოკეანეთის – 22 საბანკო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობაც ერთდროულად სარგებლობს SWIFT-ით და CIPS-ით ისევე როგორც შესაძლოა, სხვა რეგიონალური საგადახდო სისტემებით.
CIPS-ი ჩინური იუანით გადარიცხვებზეა ორიენტირებული, ხოლო SWIFT-ი მრავალ ვალუტას მოიცავს. შესაბამისად, CIPS-ი წარმოადგენს გადახდების დამატებით, ალტერნატიულ საშუალებასა და რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.