„თბილისის ფინანსური სამიტი“ თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო აძლიერებს აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარ იდეას – დღეს პირველი მრგვალი მაგიდები იწყება, თუმცა ოფიციალური გახსნითი ღონისძიება ხვალ გაიმართება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
„თბილისის ფინანსური სამიტი“ იმართება აბრეშუმის გზის ფორუმის პარალელურად და მის ფარგლებში. თავისი მნიშვნელობით კიდევ უფრო აძლიერებს აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარ იდეას. ეს არის დაკავშირებადობა და საქართველო, როგორც ჰაბი რეგიონში. საქართველო წლების განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი. ახლა უკვე ყალიბდება როგორც ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბი. სწორედ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან ერთად პირველად საქართველოში, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს და უკვე მათ გლობალურ რუკაზე ჩვენც დატანილები ვიქნებით პირველ რიგში, როგორც მსგავსი შეკრებებისა და სამიტების ჩატარების ადგილი და რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ჰაბი საფინანსო სექტორში.
დღეს პირველი მრგვალი მაგიდები იწყება, თუმცა ოფიციალური გახსნითი ღონისძიება ხვალ გაიმართება. სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან, როგორც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე უფრო მეტად წარმოდგენილია ფინანსური ინდუსტრია.
დარწმუნებულები ვართ, რომ საინტერესო დიალოგი და განხილვები გაიმართება, რადგან საუბარია ძალიან სწრაფად მზარდ ეკონომიკაზე, სტაბილურ ეკონომიკაზე და მთლიანად რეგიონში მშვიდობა მყარდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, აქედან ბევრი ინვესტორი აქედან კონკრეტული გეგმებით და პროექტებით წავა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
