ნათია თურნავა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ობიექტური, ადექვატური და პოზიტიურია – მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეროვნულ ბანკს სულ უფრო მეტი რეზერვი ჰქონდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეფასებით, IMF – ის და სებ-ის პროგნოზები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ძალიან სასიხარულოა.
„მნიშვნელოვანია ინფლაციასთან დაკავშრებული მათი პროგნოზი, რის მიხედვითაც ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც და ინფლაციის მიზნობრივთან ახლოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას, სსფ ამბობს, რომ ის შეესატყვისება არსებულ მოცემულობას. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა”, – აღნიშნავს ნათია თურნავა.
სებ-ის თანახმად, სავალუტო ფონდის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეზერვების დაგროვება უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის პრიორიტეტად. სსფ წერს, რომ რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს.
„ჩვენი ხედვა აქაც ემთხვევა და ჩვენ ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეროვნულ ბანკს სულ უფრო მეტი რეზერვი ჰქონდეს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული მორიგი კონსულტაციების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ ქვეყანაში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდა, რაც სებ-ის მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ლარის გაცვლითი კურსის სიმყარემ უზრუნველყო.
„ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების, საპროცენტო განაკვეთის ნეიტრალურ დონესთან დაახლოების და შიდა მოთხოვნის წნეხის შერბილების ფონზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა შეესაბამება არსებულ გარემოს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სსფ-ს პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს იქნება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში საუბარია ეკონომიკური ზრდის საოცრად კარგ შედეგებზე, რაც შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად ფიქსირდება.
სავალუტო ფონდი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ეკონომიკის მედეგობას შოკების მიმართ და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სსფ აფასებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას და გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,2%-მდე.
„საქართველოს ეკონომიკამ მაღალი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა. 2021 წლიდან [ეკონომიკის ზრდის] საშუალო წლიური მაჩვენებელი 9% აღემატებოდა, ინფლაცია ორწლიანი ჩამორჩენის შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36%-მდე შემცირდა. აღნიშნულმა ტენდენციებმა გაზარდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ და შეამცირა უმუშევრობა და სიღარიბე”, – ნათქვამია ანგარიშში.
სსფ აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. თუმცა ამავდორულად სსფ ხაზს უსვამს რომ მიღწეულია პროგრესი წარსული რეკომენდაციების შესრულებაში, მათ შორის – საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსებისა და პრეზიდენტის დანიშვნის მიმართულებით.