ნათია თურნავა – ეროვნული ბანკის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, ინფლაციის ნორმალიზებას უახლოეს ხანებში ველოდებით

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა განაახლა მაკროეკონომიკური პროგნოზები და ჩვენი სცენარის მიხედვით, ველოდებით ინფლაციის ნორმალიზებას, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყებს 3%-ზე მიახლოებას, წელს კი საშუალოდ 4.0 პროცენტი იქნება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელზე და განმაპირობებელ ფაქტორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზნობრივ, 3 პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა. ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავენ გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ წინა ორი წელი ინფლაციის დონე იყო 3-ჯერ ნაკლები ვიდრე მიზნობრივი 3%, ანუ 1.1%-ის დონეზე იყო, წელს, თუნდაც ამ დაბალი ბაზის გამო, ინფლაცია გადასცდა 3%-იან ნიშნულს. ამას დაემატა რამდენიმე გარე ფაქტორი, მაგალითად საგარეო ბაზრებზე სხვადასხვა სასაქონლო კატეგორიის გაძვირება, მაგრამ ესაა ერთჯერადი ფაქტორები რომელთა მილევაც უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი.
„მიმდინარე ცენტრალური სცენარით, ინფლაცია დროებით 3%-იანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და 2025 წელს საშუალოდ 4.0 პროცენტი იქნება. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციისა და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება,“ – აღნიშნა მან.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციური მოლოდინებიც არაა გაზრდილი, ვინაიდან 5.2%-იანი მაჩვენებელი ძირითადად მომდინარეობს მიწოდების ფაქტორებიდან და არა მოთხოვნის ზეწოლიდან. ასეთ დროს ცენტრალური ბანკები ნაკლებად რეაგირებენ ხოლმე, თუმცა სებ-ი მზად არის გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, თუკი ეს პროცესები გაგრძელდა.
„ჩვენი ნეიტრალური განაკვეთია 7%. დღეს გვიჭირავს 8% და ცენტრალური სცენარის მიხედვით ესეც უნდა მოხდეს თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. კვლავაც ვინარჩუნებთ შედარებით მკაცრ პოზიციას. 8% მოგეხსენებათ შედარებით მაღალია, ვიდრე ნეიტრალური დონე და ვართ ყურადღებით“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
პრესრელიზს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება

შალვა პაპუაშვილი – გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს – სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-სა და BSEC-ის თავმჯდომარეობას