ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით ბოლო ორი წელი, ლარი მართლაც შესაშურ სტაბილურობას იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ერთგულები ვართ ლარის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
თურნავას განმარტებით, ლარის კურსის სტაბილურობას ჯანსაღი, სტაბილური, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.
„ლარის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგი, ეს არის სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შედეგი. თავად ეკონომიკა, ჯანსაღი, სტაბილური, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს ლარის კურსის სტაბილურობას. ექსპორტი, გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი და ლარის მიმართ ნდობა – ეს ფაქტორებია მთავარი. რაც შეეხება ჩვენს ბერკეტებს ამ კუთხით, რასაც ვიყენებთ და გამოვიყენებთ, ეს არის ჩვენი მონეტარული პოლიტიკა და მისი განაკვეთი. როდესაც ჩვენ ვთოკავთ ინფლაციას და ინფლაციურ მოლოდინებს, ეს დადებით გავლენას ახდენს ასევე კურსზე და პირიქით – როდესაც კურსი არის მყარი, იმპორტული საქონლის ფასების მხრიდან დაწოლაც ინფლაციაზე მცირდება, ეს არის ურთიერთკავშირში. ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, 2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1% შეადგინა, საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6% იყო.
მისივე თქმით, დაბალინფლაციური გარემო ძირითადად, შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.
„ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ინფლაციური მოლოდინები კი მიზნობრივის ფარგლებშია. გარდა ამისა, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე, ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურების კვალდაკვალ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5 პროცენტული პუნქტით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა.
„თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, გლობალურად გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა“,- აღნიშნა თურნავამ.
