ბოლო ერთ წელიწადში ლარის კურსი ისტორიულად გამყარდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სავალუტო კურსზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები.
„მცურავი სავალუტო კურსი ჩვენი ტიპის ეკონომიკისთვის არის ერთ-ერთი ოპტიმალური იმიტომ, რომ ის გამოიყენება, როგორც ერთგვარი ამორტიზატორი გარე შოკებთან მიმართებაში. ბოლო ერთ წელიწადში ლარის კურსი ისტორიულად გამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი რყევები არსებობდა და ზაფხულთან შედარებით მცირედით არის გაუფასურებული, მთლიანობაში წლიურ ჭრილში, რომ განვიხილოთ კვლავაც, ჩვენი ეფექტური რეალური სავალუტო კურსი არის ისტორიულად გამყარებული.
ამაზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რომლის თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ ჯანსაღი ვითარება გვაქვს. პანდემიის შემდეგ მოხდა ეკონომიკის აღდგენა, საგარეო შემოდინებებიც საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი, მათ შორის, ტურიზმი პრეპანდემიურ ტრენდზე დაჯდა და პირიქით, გადააჭარბა შემოსავლებმა ტურიზმიდან. გზავნილები ნორმალიზდება, მიგრანტების ერთჯერადი ფაქტორი იყოს და საკმაოდ ძლიერი იყო შემოდინება გზავნილების სახით და ახლა ეს მონაცემი თანდათან კლებულობს, მათ შორის, რუსეთიდან, თუმცა იზრდება ამერიკიდან, ევროკავშირიდან, ყაზახეთიდან და ა.შ.
ერთი ფაქტორი, რომელიც არის უფრო მეტად საყურადღებოდა, ეს არის გლობალურად გამყარებული დოლარი და ევრო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.