საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტალეჰ კაზიმოვის შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, მხარეებმა მონეტარული პოლიტიკისა და ცენტრალური ბანკის საქმიანობის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. საუბარი რეგიონულ მაკროეკონომიკურ გარემოს, საფინანსო სექტორსა და მონეტარულ პოლიტიკაზე გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენას შეეხო.
„საქართველოს მაკროეკონომიკურ პერსპექტივასა და მონეტარული პოლიტიკაზე საუბრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ კვლავ მდგრადია. ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და ეკონომიკური ზრდა მაღალია. ფასების სტაბილურობა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ფრთხილი გადაწყვეტილებებით, მათ შორის, დროული გამკაცრებითა და შემდგომ თანდათანობითი შემსუბუქებით იქნა მიღწეული. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა დარჩება. ფინანსური სტაბილურობის პერსპექტივის თვალსაზრისით, საქართველოს საბანკო სექტორი მყარ მომგებიანობასა და ჯანსაღ საკრედიტო ზრდას ინარჩუნებს, რომელშიც ბიზნეს სესხების წვლილი უმნიშვნელოვანესია.
ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნებს შორის ფინანსური სერვისების განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადახდების ეფექტიანობის გაუმჯობესების საკითხებზე გამახვილდა. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე მუშაობს, რათა ის უფრო სწრაფი და ეფექტური გახდეს. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი RTGS სისტემის განახლება და მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში შეისწავლიან გადახდების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რათა მოხდეს ტრანზაქციების ხარჯების შემცირება და ეფექტურობის ზრდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ფინტექ სფეროში რეგიონული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ორივე ქვეყანამ ინოვაციების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსური სერვისების განვითარების ახალი ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ და ტალეჰ კაზიმოვმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძეც ესწრებოდა.
შეხვედრას, ასევე სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, საბანკო ზედამხედველობის უფროსი ვახტანგ სიხარულიშვილი, საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდნენ.
