ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაძლო დასანქცირება ფინანსური სისტემისთვის რთული მისაღები და განსახილველი იქნება. ამის შესახებ მან Freebusiness.ge-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
BMG-ის კითხვაზე – რა მნიშვნელობა ექნება ქვეყნისა და ფინანსურის სისტემისთვის თუ ნათია თურნავა დასანქცირდება, რადგან ტრამპის ახალ ადმინისტრაციას კონგრესმენებმა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფი ბიზნესმენებისა და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დასანქცირების მოთხოვნით მიმართეს, თემურ ჭყონია ასე პასუხობს: „ჯერ ქალბატონი ნათიასთვის [თურნავა]ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან თავმოყვარე ქალბატონია. ვიცნობ არაჩვეულებრივად. მეორეც – ეროვნული ბანკის მმართველის დასანქცირება ფინანსურ სისტემაში ძალიან რთული განსახილველი და მისაღები იქნება. შედეგი ცუდი ექნება“.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.