საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა USAID-ს და აშშ-ის მთავრობას მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკური დახმარების გაწევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაში.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის წვლილზე და აღნიშნა, რომ მრავალფეროვან საინვესტიციო რესურსებზე და ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ქვეყნის კერძო სექტორისთვის.
„საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში გახდეს ფინანსური ინოვაციებს ჰაბი. საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს ქვეყანაში ინოვაციური და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში. სებ-მა შეიმუშავა სტრატეგიული მიდგომა, რომელიც პოლიტიკაზე ორიენტირებულ ღია რეგულირებას გულისხმობს და ფინანსური სისტემის მონაწილეთა სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენი მიზანი ფინანსური სისტემის ფარგლებში დიჯიტალიზაციის სტიმულირება და ინოვაციური გადაწყვეტების უსაფრთხოდ დანერგვის წახალისებაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პროექტზე, მათ შორის USAID-ის გუნდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე “ფინტექ ბიზნესმოდელის რუკები“, რომლის ფარგლებშიც დადგინდა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არსებული ინოვაციების რეგულაციური ბარიერები.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა სებ-ის ინიციატივით, “ისწავლე კეთებით” მიდგომის დანერგვაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინტექ ბიზნესმოდელების განვითარებას. ამ მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, საქართველოში შეიქმნა რეგიონში პირველი ღია ბანკინგის ტექნიკური ლაბორატორია, რომელსაც მონაწილეთა მრავალფეროვანი სპექტრი ჰყავს. ლაბორატორია შერჩეულ ფინტექ კომპანიებს ღია ბანკინგის ახალი API-ების ტესტირების საშუალებას აძლევს, რაც ინოვაციების მოზიდვის შესაძლებლობაა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, კარგად განვითარებულ შიდა კაპიტალის ბაზარს შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და კორპორაციული და საყოფაცხოვრებო სექტორის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.
“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო კაპიტალის ბაზრის განვითარების ამოცანისადმი სებ-ის მტკიცე ერთგულება. ამ მიზნით გავაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო და კერძო პირებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ფაზაშია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან საოცრად კარგი პროგრესი აჩვენა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების ინიციატივების დამსახურებაა. USAID-მა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა”, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.
USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი $18.9 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის საშუალებით, USAID ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.