საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინელ კოლეგას, ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს პან გონშენგს შეხვდა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციამ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გამართა ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (Industrial and Commercial Bank of China) ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუსთან, ჩინეთის ბანკის (Bank of China) ვიცე პრეზიდენტთან ლიუ ძინთან და ჩინეთის სამშენებლო ბანკის (China Construction Bank) აღმასრულებელ დირექტორთან ძი ჟი ჰონგთან.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული სამი ბანკი ჩინეთის უმსხვილესი ბანკების „დიდ ოთხეულში“ შედის. “ჩინეთის ბანკი” წარმოდგენილია მსოფლიოს 64 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 4.6 ტრილიონი აშშ დოლარი. “ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკი” ოპერირებს მსოფლიოს 49 ქვეყანაში, მთლიანი აქტივები აღემატება 6 ტრილიონ აშშ დოლარს. “ჩინეთის სამშენებლო ბანკი” კი ოპერირებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში, მთლიანი აქტივებით დაახლოებით 5.4 ტრილიონი აშშ დოლარი.
როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ქართული საბანკო სექტორისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ ჩინეთის მსგავსი მდიდარი ფინანსური ბაზარი ხელმისაწვდომი იყოს მათთვის, გაფართოვდეს ტრანზაქციების არეალი და გაძლიერდეს მათი საკორესპონდენტო ურთიერთობა ჩინურ ბანკებთან.
„ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი უფრო დივერსიფიცირებული გახდეს და მომხმარებლებს, ჩვენს მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე მეტი წვდომა ჰქონდეთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
