ნათია თურნავამ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის 54% და სამეთვალყურეო საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი ქალია.
ნათია თურნავამ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და ქალების ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შექმნილ ბარიერებზეც გაამახვილა ყურადღება. სებ-ის პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიაში.
„2020 წელს ჩვენ დავნერგეთ ფინანსური განათლების პორტალი, ხოლო 2023 წელს დავამტკიცეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლებული ვერსია. ორივე დოკუმენტში ქალები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული მმართველობის გასაუმჯობესებლად. განახლებული კორპორაციული მმართველობის კოდექსის მეშვეობით, ჩვენ შემოვიტანეთ გენდერული კვოტები კომერციულ ბანკებსა და მიკრო ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომა მიზნად ისახავს ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ხარვეზისა და სექტორში გენდერული ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.