ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ათიათასობით ადამიანმა მოუწერა ხელი პარტიას პეტიციაზე, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.
“ათეულ ათასობით ადამიანმა ხელი მოუწერა ლეიბორისტულ პარტიას პეტიციაზე, რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს თან საუკუნის ანეგდოტია – სპეციალურად მიიღეს ჩვენთვის კანონი, რომ ხალხი შევაწუხოთ ხელმოწერების შეგროვებით მაშინ, როდესაც ეს ჩვენ არასოდეს არ გვჭირდებოდა.
[…] მე აქედან მივმართავ ოლიგარქ ივანიშვილს – ან ეს კანონი შეცვალე, დაგვიბრუნე უფლებები, რაც გვქონდა, როგორც კვალიფიციურ პარტიას, ან სანქციებს ხომ დაგპირდი, ბიძინა და შეგისრულე, საერთაშორისო ტრიბუნალსაც მოგიწყობ ჰააგაში. ეს კარგად დაიხსომე შენ და შენმა მიმდევრებმა” – თქვა შალვა ნათელაშვილმა ფორმულასთან.
2022 წლის თებერვალში პარლამენტმა შალვა ნათელაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
დეპუტატის მანდატის შეჩერებით ლეიბორისტულმა პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებასაც დაკარგა. დაფინანსება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით წყდება. კანონის თანახმად, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.
10 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება.
