ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე საათის წინ ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაესხა მას და მის 2 მეგობარს. ნაზღაიძის თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მისთვის დანის ორჯერ დარტყმა სცადა. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, თავდამსხმელებმა მანქანა დაუზიანეს გოგონას, რომელმაც ნაზღაიძეს და მის მეგობრებს დახმარების მიზნით მანქანა გაუჩერა.
“დღეს საღამოს რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა, თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები. ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო, მართლასასწაულებრივად გადავრჩით, ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!
მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტიურად ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!”. – წერს ნაზღაიძე.
ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.