“ნაზი შამანაურს დედასთან ერთად თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მილიციის მანქანაში ჩატენეს და თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს”

“1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში გამართული ვაჟაობის დღესასწაულზე ნაზი შამანაურმა სიტყვა ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს. იგი მაინც არ დანებდა, როგორც იქნა ტრიბუნამდე მიაღწია, მიკროფონს ხელი სტაცა და დაიყვირა:
რა დაგემართათ, ხალნო, გამოფხიზლდით! შეიძლება ყველაფერზე ტაშის დაკვრა? რაიკომის მდივნის ლაპარაკი გეგმებზე, სოფლების ახალ სიცოცხლეზე, სიცრუეა! სოფლებში ასანთი არ არის, სკოლებში სწავლება მოშლილია, გზები უმძიმეს მდგომარეობაშია. ლაპარაკით საქმეს ვერ ვუშველით…ხალხო, გატყუებენ, ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს, სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს, რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება“
აი, ამ სიტყვების გამო ჩამოაგდეს ტრიბუნიდან მილიციის მუშაკებმა იგი ირაკლი აბაშიძის, ლევან სანიკიძის, გიორგი ციციშვილის და სხვა ცნობილ საბჭოთა მწერალთა თვალწინ! ჩირგვნარებზე თრევით გადაატარეს და დასისხლიანებული მკლავებით, კაბადაფხრეწილი მანქანაში შეაგდეს. დუშეთის რაიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განყოფილების გამგემ გელაშვილმა იქვე წაართვა მას მხილების 77 გვერდიანი ტექსტი.
ნაზი შამანაურს დედასთან ერთად თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მილიციის მანქანაში ჩატენეს და თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი ერთმანეთს დააშორეს და დაიწყო ჟურნალისტის ხუთთვიანი სასტიკი წამება.
სასამართლომ მას იძულებით მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზი შამანაურმა შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა, მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებით და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს.
ნაზი შამანაური თავის დღიურებში წერდა:
“…1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით, გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატიმროში… 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო… კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა… ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს… ლანცეტით მაწამებდნენ… სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ… ვიხრჩობოდი… იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა… კბილები დამემსხვრა… პირსახოცი სისხლიანი იყო… ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი…”
1983 წელს ნაზი შამანაური სასიკვდილოდ სცემა მედპერსონალმა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაიყვანეს თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.
ნაზი შამანაური გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე ტკივილებისგან დატანჯული, დაწყლულებული თითებით წერდა უკანასკნელ ბარათს:
“ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი… მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ… ძალები არ გამომლევია. უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია”.
მის დღიურებზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს იმჟამინდელი მთავარი ექიმი აბელ მამარდაშვილი აცხადებდა, ეს დღიურები ნაზის არ დაუწერიაო… ნაზი შამანაურის საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა. მეტიც, იმ დღეს, როცა ნაზის ასაფლავებდნენ, დუშეთის რაიონის რაიკომის მდივანმა კერესელიძემ, თურმე, რადიო ჩართო და ტაშ-ფანდური გამართა. სხვათაშორის, ჟურნალისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სწორედ კერესელიძის მხილებისთვის გამოკეტეს…
1983 წლის 20 იანვარს ნაზი შამანაური რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა.
ნაზი შამანაურის მკვლელობისთვის პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება მის “ექიმს” მზია გოგიჩაიშვილს და აბელ მამარდაშვილს.
ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლის შემდეგ ნაზი შამანაური გმირად გამოცხადდა, ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, ნაზი შამანაურის სახელი ეწოდა, შენობა კი სახლ-მუზეუმად გადაკეთდა. დღესდღეობით ასევე არსებობს მისი სახელობის მედალი, რომლითაც ჯილდოვდებიან ჟურნალისტები,” – მასალას აქვეყნებს ინტერნეტომხმარებელი დიმიტრი ჩხეიძე.