ადგილობრივი ტელეგრამ-არხები დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში 8,9 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს.
ამ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 2024 წლის 16 მარტს და 2025 წლის 19 თებერვალსაც.
3 მარტს, ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ჩერტკოვოს რაიონში მდებარე ნავთობსადენზე.
ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ტელეგრამზე გამოქვეყნებული ცნობით, „მასირებული შეტევის“ შედეგად ნავთობსადენს ცეცხლი გაუჩნდა და ევაკუირებულია მისი მომსახურე პერსონალი.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
