დღეს, 3 დეკემბერს დილის შვიდი საათისთვის ტამბოვის ოლქის გუბერნატორ ევგენი პერვიშოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ხანძარია ნავთობის ბაზაზე. გუბერნატორმა მიზეზად დაასახელა „კიევის ტერორისტული რეჟიმის“ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენა“. პერვიშოვს არ დაუკონკრეტებია ტამბოვის ოლქის რომელ რაიონში მდებარეობს ნავთობის ეს საცავი.
რუსული ტელეგრამ-არხი ASTRA საგანგებო სიტუაციების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით გასულ ღამით იუწყებოდა, რომ ჩეჩნეთის აჩხოი-მარტანის რაიონში დრონებით დარტყმა იყო უშიშროების სამსახურის შენობაზე და დაჭრილია ორი თანამშრომელი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო გასული ღამის განმავლობაში დაკეტილი იყო გროზნოს, ვლადიკავკაზის, მაგასის, ტამბოვის, ვოლგოგრადის, პენზის, სამარის, სარატოვის, ულიანოვსკის და იაროსლავის აეროპორტები.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი




