ნავთობისა და გაზის მარაგების კვლევა/ძიებით ქვეყანა დაინტერესებული არ არის – გიორგი ჭაღიაშვილი (bm.ge)
„დაინტერესება ქვეყნიდან არ არსებობს“ – ენერგეტიკოსი, ნავთობისა დ გაზის რესურსების კვლევითი ჯგუფის წარმომადგენელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, საბჭოთა პერიოდის ანგარიშებიდან საქართველოში ბუნებრივი აირისა და ნავთობის რესურსების არსებობა დასტურდება, თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე არცერთი ჭაბურღილი არ გაბურღულა იმ ვარაუდების დასადასტურებლად, რომელიც გამოთქმულია ზედაპირულად.
ენერგეტიკოსი გიორგი ჭაღიაშვილი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა ექნება, სპეციალისტების და სახელმწიფოს ჩართულობით შედეგი აუცილებლად დადგება ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ.
„1800-იანი წლებიდან საქართველოში ნავთობის მოპოვება იყო დაფიქსირებული, საბჭოთა კავშირის დროს იყო გეგმური ეკონომიკა. 70-იანი წლების ბოლოს დაგეგმილი იყო დაახლოებით 10 ათასი კილომეტრობით ჭაბურღილების ბურღვა. ამ გეგმურმა ეკონომიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სასარგებლო წიაღისეულის ძებნაზე არ იყო გამახვილებული ყურადღება ხშირ შემთხვევაში. ცნობილი პატარძეულის საბადო აღმოჩნდა 1981 წელს, როცა კონკრეტულ ჭაბურღილზე მოხდა ავარია, ამ დროს გაჩერდა სამუშაოები და სწორედ მაშინ შემთხვევით წამოვიდა ნავთობი და ასე აღმოჩნდა ეს უდიდესი საბადო. ისევ გეგმურმა ეკონომიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ უნდა გადაგვესწრო აზერბაიჯანის მოპოვებისთვის. 1983 წელს ჩვენი მოპოვება ავიდა 3,3 მილიონ ტონამდე, რაც უპრეცედენტო იყო საქართველოს ისტორიისთვის. შეცდომები იყო დაშვებული, არ იყო გათვალისწინებული გეოლოგიური პირობები, დაირღვა სამუშაო რეჟიმები და შესაბამისად 90-იან წლებში აირია საბადოების ენერგეტიკული რეჟიმიც, დაეცა მოპოვებაც და სადღეისოდ მინიმალურ დონეზე ვართ დაშვებული მოპოვებაში.
ბოლო პერიოდში, რაც კი ოფიციალური დოკუმენტები იქმნება ენერგეტიკის მიმართულებით, პირველ აბზაცში წერია, რომ საქართველოს არ გააჩნია არც ნავთობი, არც გაზი, ამიტომ დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ამ მიმართულებით სახელმწიფოს რა პოლიტიკა აქვს განსაზღვრული არსად არ ჩანს, რადგან ნავთობის, გაზის და სხვა წიაღისეულის კვლევა/ძიებას სჭირდება ძალიან დიდი ინვესტიცია. ამაში სახელმწიფოს ჩართულობა არის მინიმალური.
საბჭოთა კავშირის დროს გეოლოგიური სკოლა იყო საკმაოდ ძლიერი. მაშინდელი დასკვნებიდან გამომდინარე არის ვარაუდები, რომ ჩვენ ნავთობისა და გაზის საბადოები გვაქვს და ეს უფრო ღრმა ინტერვალებშია, ვიდრე იმ ინტერვალებში, სადაც ახლა ძირითადად ხდება მოპოვებაც და ძებნა/ძიების სამუშაოები. ჩვენ გვაქვს კლასიფიკატორები, დადასტურებულ და დაუდასტურებელ მარაგებს შორის, არსებული საბადოები, რომელიც გაგვაჩნია პროდუქტიული ფენი აღნიშნულია შუა ეოცენის ქანებში, თუმცა საბჭოთა კავშირის მაშინდელი მარაგების დათვლის ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ, ძველ ანგარიშებში არის დაფიქსირებული, რომ ქვედა ეოცენის ქალებში ანუ ბევრად ღრმად, 4 000-5 000 მეტრის ინტერვალში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ფენი, რომელიც შეიცავს ნავთობს და გაზს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს. თუმცა ამ მიმართულებით ბოლო 20 წლის მანძილზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი ჭაბურღილი არ გაბურღულა იმისათვის, რომ ის ვარაუდები, რომელიც გამოთქმულია ზედაპირულად, დადასტურებული იყოს ჭაბურღილებით და მოპოვებულ იქნეს პროდუქტიული ფლუიდები.
სპეციალისტები არსებობს, თუმცა დაინტერესება ქვეყნიდან არ არსებობს. ქვეყანამ გადაწყვიტა, პოლიტიკოსებმა მათ შორის, რომ ეს არის კერძო ბიზნესის საქმე და როცა სახელმწიფოს ჩარევა იქნება საჭირო, მხოლოდ მაშინ ჩაერევა. შესაბამისად უყურადღებოდ არის დატოვებული. როცა ინვესტორი შემოდის, საბჭოთა კავშირის დროს დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ახდენენ სარეწაო გეოლოგიურ სამუშაოების წარმოებას.
თუ სწორი პოლიტიკა, სწორი მიდგომა იქნება, სპეციალისტების და სახელმწიფოს ჩართულობით შედეგი აუცილებლად დადგება ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ“,-აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.
ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიები 12 კომპანიაზეა გაცემული. ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება კი შვიდ სალიცენზიო ბლოკზე მიმდინარეობს.
ნავთობის და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 37 ათას ტონამდე ნავთობი და 16 მლნ მ3 გაზი მოიპოვეს.
bm.ge
