რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი მარია პევჩიხი ძებნილად გამოაცხადა. უწყებამ თავის საიტზე შესაბამისი ანკეტა გამოაქვეყნა.
“პევჩიხი მარია კონსტანტინეს ასული, 1987 წელს დაბადებული, იძებნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით”. – წერია შსს-ს საიტზე.
როგორც სხვა შემთხვევებში, როდესაც ძებნა ცხადდება ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე, აქაც, საიტზე არ არის მითითებული კონკრეტული მუხლი.
პევჩიხი, ისევე, როგორც ნავალნი და ორგანიზაციის სხვა წევრები უცხოეთის აგენტებად არიან გამოცხადებულები, ხოლო კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი.