კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თავმჯდომარის, მარია პევჩიხის მტკიცებით, რუსეთი აპირებდა, რომ ალექსეი ნავალნი გერმანიის პატიმრობაში მყოფ ვადიმ კრასიკოვში გაეცვალა. კრასიკოვმა ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. თუმცა, პევჩიხის თქმით, ვლადიმირ პუტინს არ სურდა, რომ ნავალნი გაეთავისუფლებინათ და ის მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზე მოკლა.
პევჩიხის თქმით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ “გახდა ცხადი, რომ საჭირო იყო ნავალნის ციხიდან ნებისმიერ ფასად გამოყვანა”, რის შემდეგაც მისმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს დაეწყოთ მისი დაკავებულ რუსეთის აგენტებში გაცვლის ორგანიზება.
პევჩიხი ირწმუნება, რომ მსგავსი გაცვლის შესრულება, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე თვეში, თუმცა “ამერიკელი და გერმანელი მაღალჩინოსნები თავს იქნევდნენ და არაფერს აკეთებდნენ”.
პევჩიხის მტკიცებით, “ნაცნობი პოლიტიკოსებისა” და “პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების” დახმარებით, ნავალნის მხარდამჭერების გეგმას მხარი დაუჭირეს 2023 წლის გაზაფხულზე, თუმცა მაშინ საუბრები ჩაიშალა. მისივე ცნობით, დეკემბერში ეს გეგმა ხელახლა დაადასტურეს. პევჩიხი ამბობს, რომ პუტინს ნავალნის გაცვლის შეთავაზება ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა გადასცა.
“ამ ამბავს გიყვებით, რათა გქონდეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოკლეს ნავალნი ახლა. პუტინს ცხადად უთხრეს: კრასიკოვის მიღების ერთადერთი გზა მისი ნავალნიში გაცვლაა. “აჰ, თუ ასეა” – იფიქრა პუტინმა – ნავალნის თავისუფლების ხილვას მე ვერ ავიტან და თუ პრინციპულად მზად არიან კრასიკოვის გაცვლაზე, მაშინ სავაჭრო საგანი უბრალოდ უნდა მოვიშორო”.” – თქვა პევჩიხმა.
პევჩიხს საკუთარი ინფორმაციის დასადასტურებლად არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ან ოფიციალური მასალა არ მოუყვანია.
ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო.
მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.
ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.
“შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც”, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება – ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.