რუსეთის ათასობით მოქალაქე პარასკევს ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. მოსკოვში, პოლიციით გარშემორტყმულ ეკლესიაში ალექსეი ნავალნის დასვენების შემდეგ, მხარდამჭერები მის სახელს სკანდირებდნენ.
საეკლესიო ცერემონიიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტაძარში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მშობლები არიან. ეკლესიის გარეთ კი ბევრი მოქალაქე, რომელთაც შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს. არქტიკულ კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი მოქალაქეებმა ტაშით გააცილეს და მისი სახელის გარდა, რუსეთის თავისუფლების თაობაზე გზავნილებსაც ხმამაღლა იმეორებდნენ: “რუსეთი თავისუფალი იქნება”, “არა ომს,” რუსეთი პუტინის გარეშე”, “ჩვენ არ დავივიწყებთ”, “პუტინი მკვლელია”.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი 47 წლის ასაკში სასჯელაღსრულების კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი მხარდამჭერები და დასავლელი ლიდერების ნაწილი მას ვლადიმირ პუტინის პატიმრად მიიჩნევდა და ახლაც ამბობს, რომ მისი სიკვდილი კრემლის ლიდერის ბრალია. კრემლი რაიმე ბრალეულობას ან კავშირს აქტიურად უარყოფს.
ნავაალნის მოძრაობა და ორგანიზაცია სამართალდამცავებმა “ექსტრემისტულ” გაერთიანებად გამოაცხადეს და თქვეს, რომ ის ამერიკის მიერ ქვეყანაში რევოლუციის წაქეზების მცდელობის ნაწილი იყო.
ორ კვირაში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც ლიდერი, რომელიც ქვეყანას უკვე 20 წელზე მეტია მართავს, სავარაუდოდ კვლავ თითქმის უკონკურენტოდ გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში ის ქვეყნის სათავეში კიდევ 6 წლით დარჩება.
ნავალნის ცხედარი ეკლესიიდან ბორისოვსკოეს სასაფლაოზე გადაასვენეს. სასაფლაო სპეციალური ბარიერებით იყო შემოსაზღვრული. დაკრძალვის ცერემონიას ნავალნის “იუთუბ” არხზე 250 000-ზე მეტმა ადამიანმა პირდაპირ ეთერში უყურა. არხი ქვეყნის შიგნით დაბლოკილია. ნავალნის გუნდი მოუწოდებს იმ მხარდამჭერებს, ვინც ცერემონიას ვერ დაესწრო, თავიანთ ქალაქებში საღამოს 7 საათზე საბჭოთა რეპრესიების მემორიალებთან მივიდნენ და ამგვარად გამოხატონ თანადგომა.