რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 19-წლიან სასჯელს იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, ტელეგრამის საშუალებით საახალწლო მილოცვა გაავრცელა.
ნავალნიმ გზავნილში აღნიშნა, რომ მას ოჯახი, მშობლები და ძმა ძალიან ენატრება.
“მათი გალანძღვის შესაძლებლობის ქონაც კი მენატრება, ვინც ახალ წელს WhatsApp-ის ყველა კონტაქტს სულელურ იდენტურ მილოცვებსა და სურათებს უგზავნის. ადრე ეს მაბრაზებდა, ახლა კი ვფიქრობ: ეს ხომ საყვარლობაა”. – წერია ნავალნის ტელეგრამით გავრცელებულ წერილში.
მილოცვის ბოლოს ნავალნიმ თავის გამომწერებს “არქტიკული ჩახუტება და პოლარული მისალმება” გადასცა.
ოპოზიციონერის წერილს თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებული ფოტო. სურათზე ნავალნი მეუღლესთან და შვილებთან ერთადაა გამოსახული.
3-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ, ნავალნი იამალო-ნენეცკის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 დეკემბერს იპოვეს.
ნავალნი 6 დეკემბერს გაუჩინარდა. ადვოკატები, თანამებრძოლები და ოჯახის წევრები მას 3 კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
8 დეკემბერს გაიმართა სასამართლო, რომელსაც ნავალნი ვირტუალურად უნდა დასწრებოდა. ვიდეოკავშირის არ ქონა ბადრაგმა კოლონიაში მომხდარ ავარიას დააბრალეს, რომლის შედეგადაც ელექტროენერგია გაითიშა.
11 დეკემბერს ოპოზიციონერი არ გამოჩნდა კიდევ ერთ სასამართლოზე. იმავე დღეს ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნი მე-6 კოლონიაში “აღარ იმყოფება”.
19 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთისგან ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელის გამხელა მოითხოვა.