“მჯერა, ყველა ტყვე დაბრუნდება აზერბაიჯანიდან” – ალენ სიმონიანი

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანში მყოფი ყველა სომეხი ტყვე გათავისუფლდეს. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ყველა ტყვე დაბრუნდება სამშობლოში.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ალენ სიმონიანმა თქვა, რომ ამჟამად აზერბაიჯანში 23 დადასტურებული ტყვე იმყოფება, მაშინ როდესაც 2020 წლის ომის შემდეგ მათი რაოდენობა 200-მდე აღწევდა.
„გვყავდა დაახლოებით 200 ტყვე, ახლა კი მხოლოდ 23 დადასტურებულია. მოდით დაველოდოთ და მე მჯერა, რომ ამ ნაბიჯების შედეგად მათი რიცხვი ნულამდე დაიყვანება და ყველა დაბრუნდება. დაბრუნდებიან აგრეთვე ყოფილი ყარაბაღის ხელმძღვანელები და ყველა ის ადამიანი, ვინც დატყვევებულია და ამჟამად ბაქოს ციხეებში იმყოფება. ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა და გააგრძელებს ყველაფერს, რათა ყველა დაუბრუნდეს სომხეთის რესპუბლიკას“.
მისი თქმით, ოპტიმიზმი ეფუძნება როგორც წარსულ გამოცდილებას, ისე მიმდინარე ძალისხმევას.
ამჟამად აზერბაიჯანი ადასტურებს, რომ მის ციხეებში 23 სომეხი ტყვე იმყოფება, მათ შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. მათი ნაწილის მიმართ ბაქოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები.

ასევე დაგაინტერესებთ