მე, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ საქართველო მიდის ევროპისკენ, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ ამბობს.
„მე რომ ვფიქრობდე, რომ საქართველომ კურსი შეიცვალა და დასავლეთის ნაცვლად ჩრდილოეთით მიდის, ბიზნეს ასოციაციის ბორდის წევრი ვარ და ჩვენ ბიზნესში ბევრჯერ გვქონია ამ საკითხზე განხილვა და მსჯელობა, ჩვენ ვიქნებოდით პირველი, ვინც ავანგარდში დადგებოდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ეს არ დაეშვა.
მე, რა თქმა უნდა, მჯერა, რომ საქართველო მიდის ევროპისკენ. ის მდგომარეობა, რაც დღეს არის, რა თქმა უნდა არ არის სასურველი. ის სიტუაცია, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდა არ არის სასურველი. მე და არაერთი ჩემი ბიზნეს კოლეგა იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება, გადაიტვირთება და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი ინტეგრაცია ევროკავშირში, რაც შეიძლება მალე მოხდეს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-სთან და დასავლურ პარტნიორებთან ისეთივე კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა აღდგეს, როგორიც ბოლო პერიოდში იყო“, – თქვა წულაიამ.