„მხოლოდ კერძო სექტორი, ჩვენი კოტეჯებით, რაჭაში ტურიზმს ვერ განვავითარებთ“, – „გარემო“(bm.ge)

“რაც წლები გადის, რაჭაში ტურისტების მხრიდან მოთხოვნა მით უფრო ნაკლებია”, – პასუხობს BMG-ის სასტუმრო “გარემოს” დამფუძნებელი თამარ დავითულიანი.

ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას კი დავითულიანი აღნიშნავს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, დამსვენებლებისთვის რაჭაში დროის გატარება დამღლელი და მოსაბეზრებელი ხდება ხოლმე. შესაბამისად, არჩევანს ზამთრის სხვა კურორტებზე აჩერებენ.
“მაგალითად, ჩვენთან ჩამოვიდნენ 5 ღამით, ბავშვებიც ჰყავდათ, ჩვენი სივრცეც მოეწონათ, მაგრამ როდემდე აგუნდავებ ბავშვებს თოვლში – აღარ იციან რა გააკეთონ, რა ნახონ, სად გაერთონ, რა აქტივობით დაკავდნენ. შესაბამისი ინფრასტრუქტურა როცა არ არის, კი არ ისვენებენ, იღლებიან და მოსაბეზრებელი ხდება. თუ რაღაც სხვა მნიშვნელოვანი, უფრო მასშტაბური არ გაკეთდა და ზამთრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ მოეწყო, სტუმრებს ვერასდროს დავაკავებთ და მარტო კერძო სექტორი, ჩვენი კოტეჯებით, ტურიზმს ვერ განვავითარებთ”, – ამბობს “გარემოს” დამფუძნებელი.
ტურისტული ობიექტის წარმომადგენელს ვკითხეთ, თუ როგორ გამოიყურება ბოლო წლების ტენდენცია და წინა წელთან მიმართებით, მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება თუ კლება, რაზედაც შემდეგი პასუხი მივიღეთ: “ის, რომ მე ვამუშავებ სასტუმროს, არ ნიშნავს, რომ მოთხოვნაა. მაგალითად, თუ ახლა მომწერა რვა ადამიანმა და ჩემი ოთხი კოტეჯი დავჯავშნე, ადრე იწრებოდა 20 ადამიანი, რაც პროცენტულად ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში”.
თამარ დავითულიანი იმასაც აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული გამოწვევების გამო – იქნება ეს ელექტრო ენერგიის შეწყვეტა, დიდთოვლობის დროს გზების ჩაკეტვა თუ წყლის გრაფიკით მიწოდება, დამსვენებლებს რეგიონის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ და რაჭაში კიდევ ერთხელ სტუმრობისგან თავს იკავებენ.
bm.ge